სპილოები საკმაოდ სოციალური არსებები არიან და, როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, მათ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან სიამოვნებთ.
ბრიტანეთის 2 უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გაანალიზეს აქამდე ჩატარებული კვლევები, რომლებიც ზოოპარკში მობინადრე სპილოების ქცევას ეხება. მათ დაადგინეს, რომ ვიზიტორების მისვლაზე ისინი დადებითად რეაგირებენ, რადგან ამ დროს აღნიშნულ ცხოველებში მოწყენილობის თანმდევი განმეორებითი ქცევები ნაკლებად იჩენს თავს.
ცხოველთა მოწყენილობასა და მის ნიშნებზე უმთავრესი ნაშრომი 2017 წელს გამოქვეყნდა და ბოლო დეკადის განმავლობაში ამ საკითხს სპეციალისტები აქტიურად შეისწავლიან. ისინი აცხადებენ, რომ ზოოპარკის მსგავსი გარემოს ბინადრები ხშირად იწყენენ, რაც შესაძლოა, დეპრესიასაც დაედოს საფუძვლად. ისინი ასეთ მდგომარეობაში სწრაფად მოძრაობენ და საკუთარ სხეულს კბენენ, რათა სოციალური, კოგნიტიური თუ სხვა სტიმულაციები ჩაანაცვლონ.
ამის მიუხედავად, რაც უფრო მეტი ვიზიტორი მიდის სპილოების სანახავად და მათთან საურთიერთოდ, ისინი მით უფრო ავლენენ ჯანსაღ ქცევებს, როგორიც, მაგალითად, საკვების მოპოვებაა. საინტერესოა, რომ ეს ეფექტი სტუმრების წასვლის შემდეგაც გრძელდება.
მსგავსი დადებითი გავლენა დაფიქსირდა პინგვინების, თეთრი დათვების, გრიზლების, იაგუარების, ლეოპარდების, სერვალების, ბანტენგებისა და მდელოს შავკუდა ძაღლების შემთხვევაშიც.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Animals გამოქვეყნდა.