ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო 84 წევრით დაკომპლექტდა.
„ამ წუთებში, ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. პარტიაში დასრულდა ქართულ რეალობაში უპრეცედენტო შიდადემოკრატიული პროცესი, რომლითაც დაკომპლექტდა პოლიტსაბჭო - 84 წევრით.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება მიხეილ სააკაშვილის როლი წარსულსა და მომავალში, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ჩვენს დიდ რეგიონში, ევროპული იდეალების გამარჯვების საქმეში. ამასთან, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიული შანსი, რუსული საფრთხეები და მათი აცილების პოლიტიკა განიხილება. პარტიამ კიდევ ერთხელ იმსჯელა და შეთანხმდა მის პოლიტიკურ ხედვებზე, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ენერგიით, ახალი ლეგიტიმაციით, ახალი სტრუქტურებით, ბევრ ახალ თანამებრძოლთან ერთად ბრძოლის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.
ბრძოლა საქართველოს ევროკავშირში შესაყვანად!“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.