შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 926 მლნ დოლარის კომპენსაცია დაეკისრა მას შემდეგ, რაც სინგაპურის სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის აქტივების დაცვის ვალდებულება დაარღვია.
საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ივანიშვილის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა. სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ცნობისთვის, სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. შეგახსნებთ, რომ თავად Credit Suisse 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა.
ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარულ ფრანკად შეიძინა.