დინამო ბათუმმა გასვლაზე დინამო თბილისი 2:1 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა. ბათუმელებს 38 ქულა აქვთ და საბურთალოს 3 ქულით უსწრებენ.
შეხვედრაში პირველი ბურთი ბენჟამინ ტეიდიმ მე-6 წუთზე გაიტანა, თუმცა ხელის თამაშის გამო მატჩის მთავარმა არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა გოლი გააუქმა. თუმცა ანგარიში მაინც ნიგერიელმა გახსნა: 30-ე წუთზე შორიდან ძლიერად დაარტყა და რიკოშეტის შემდეგ ბურთი დინამო თბილისის კარის ბადეში აღმოჩნდა. მასპინძლებმა გათანაბრება პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გაათანაბრეს - დავით სხირტლაძემ მეტოქის საჯარიმოში ძალიან კარგად ითამაშა და ანტონ ჩიჩკანს ახლო კუთხეში გაუტანა - 1:1.
მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 61-ე წუთზე ისევ დაწინაურდნენ - ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ფლამარიონ ჯოვინომ მე-12 გოლი გაიტანა, რომელიც გამარჯვების მომტანი გამოდგა. ბრაზილიელს დუბლისა და ჰეთთრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა დავით კერესელიძემ დინამო თბილისი რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა. გოლების გატანის შანსი მასპინძლებსაც ჰქონდათ, რიგ ეპიზოდებში კარგად ჩიჩკანმა ითამაშა, რიგ შემთხვევებში დინამო თბილისის ფეხბურთელებს სიზუსტე დააკლდათ. საბოლოოდ, ბათუმელებმა მატჩი 2:1 მოიგეს.
ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა 38 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. დინამო ბათუმი მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. გია ჭიაბრიშვილის კოლექტივს 31 ქულა დარჩა და მეოთხე-მეხუთე ადგილებს გორის დილასთან ერთად იყოფს. დინამო თბილისი შემდეგ თამაშში საბურთალოს დაუპირისპირდება.