ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამთენიისას აღმოსავლეთ კონფერენციის 2022/23 წლის სეზონის ფინალური სერიის მეექვსე თამაში გაიმართა. „მაიამიმ“ საკუთარ არენაზე „ბოსტონთან“ 103:104 წააგო და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 3:3.
მატჩის განმავლობაში ძირითადად უპირატესობა „ბოსტონის“ მხარეს იყო, თუმცა გადამწყვეტ მეოთხედში „მაიამიმ“ 10-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მოახერხა და შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე 1 ქულით წინ გავიდა – 103:102. გადამწყვეტი სიტყვა კი თამაშში „ბოსტონის“ უკანახაზელმა, დერიკ ვაითმა თქვა. მარკუს სმარტის აცილებული სამქულიანის შემდეგ ბურთი სწორედ ვაითს ჩაუვარდა, რომელმაც სირენამდე 0.3 წამით ადრე სროლა მოასწრო და „მწვანეებს“ გამარჯვება მოუტანა.
მატჩის ბომბარდირი 31 ქულით „ბოსტონელი“ ჯეისონ ტეიტუმი გახდა. მას 26 ქულით დაეხმარა ჯეილინ ბრაუნი, 21 ქულა ჰქონდა მარკუს სმარტს, ხოლო დაპირისპირების მთავარ გმირს, დერიკ ვაითს – 11. „მაიამის“ მხრიდან 24 ქულით საუკეთესო ჯიმი ბატლერი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ „ბოსტონმა“ სერიაში 0:3 დეფიციტი აღმოფხრა და გადამწყვეტ, მეშვიდე თამაშს საკუთარ მოედანზე 30 მაისს ითამაშებს.აქამდე NBA-ის ისტორიაში 3 წაგებული შეხვედრის შემდეგ სერია არცერთ გუნდს მოუგია. წინა 150 შემთხვევაში, როდესაც გუნდი სერიაში 3:0 წინ გადიოდა, მეოთხე მატჩის მოგებასაც აუცილებლად ახერხებდა.