ნეაპოლის პიაცა დელ პლებისციტოზე ნაპოლის ჩემპიონობასთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა. მოედანზე შეკრებული უამრავი ადამიანის წინაშე, სხვებთან ერთად, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე წარსდგნენ.
კონცერტი ჯიჯი დ’ალესიომ გამართა, რომელმაც სცენაზე ნაპოლის ვარსკვლავებს უხმო. პუბლიკა ფეხბურთელებს აპლოდისმენტებით შეხვდა. საღამოს წამყვანის შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობს ნეაპოლში თავს, კვარაცხელიამ მიკროფონში ღიმილით თქვა: "ცოტას იტალიურადაც ვსაუბრობ და ცოტას ნეაპოლურადაც. მოგესალმებით ყველას! თქვენ. ნეაპოლელები, ნომერ პირველები ხართ!".
ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და ამაში ძალიან დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის. 22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ნეაპოლში გასულ ზაფხულს, დინამო ბათუმიდან გადაბარგდა, ყველა ტურნირის 41 მატჩში ითამაშა, გაიტანა 14 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი, 5-ჯერ კი პენალტი მოიპოვა.ნაპოლი 2022/23 წლების სერია A-ს ბოლოსწინა ტურის შეხვედრას 28 მაისს, სტუმრად ბოლონიასთან ჩაატარებს.