ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს - ალექსანდრე ახვლედიანს, დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სამივე დაკავებულს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ედებათ.
გამოძიების ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, ქვეყანა თურქეთის გავლით უკვე დატოვა და მიმალვაშია. პროკურორის ინფორმაციით, მიმალვაში მყოფმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა სტუმრად მყოფი გიორგი ალხანიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის კვალის დაფარვის მიზნით კი ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად, მოკლულის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსა და მეზობელ სოფელში ტყის პირას დამარხა.
გამოძიების ცნობით, მომხდარს ბრალდებულები დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცავებს მომხდარი არ შეატყობინეს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 18 ივლისს გაიმართება.