ყოველთვის შთამბეჭდავი და ძალიან ემოციურია ფილმები ბავშვების მონაწილეობით, რადგან მართალია, გამოცდილი უფროსების ფონზე პატარები ნაკლებად პროფესიონალურად, მაგრამ ბევრად გულწრფელად და ბუნებრივად გამოიყურებიან. თუმცა, პატარა ვარსკვლავები იზრდებიან და ზოგისთვის კინო მხოლოდ ბავშვურ გატაცებად რჩება, ზოგი კი, პირველ გამოცდილებას წარმატებული კარიერით აგრძელებს.
ყველაზე მდიდარი ვარსკვლავი ბავშვები
რა თქმა უნდა, რთულია მილიონიანი ჰონორარებით კინოვარსკვლავების გაკვირვება, თუმცა, უზარმაზარი შემოსავლებით განებივრებულ მოზარდებს და განსაკუთრებით მათ მშობლებს, ხშირად გამოუცდელობა, სიხარბე სძლევთ და ერთი ხელის მოსმით ანადგურებენ ყველაფერს.
ჯეკი გუგანი (Jackie Coogan)
ბავშვებს შორის პირველ კინოვარსკვლავად 7 წლის ჯეკი კუგანი – ჩარლი ჩაპლინის ლეგენდარული „ბიჭუნა“ (The Kid) ითვლება, რომელიც ერთგვარ კინობრენდად და ყველაზე ახალგაზრდა მილიონერად იქცა. მართალია, 1920-იან წლებში კუგანი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო, რადგან მისმა შემოსავალმა 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ ინტერესი სწრაფად განელდა, სოლიდური თანხის დიდი ნაწილი კი, მშობლებმა „გაანიავეს“, რომლებიც ვერც „დიდი დეპრესიის“ წლებშიც შეელივნენ ფუფუნებაში ცხოვრებას.
სრულწლოვანმა ჯეკიმ სასამართლოს მიმართა და მშობლებს თანხის დაბრუნება მოთხოვა, თუმცა, ვერაფერს გახდა და სამუშაოს გარეშე დარჩენილი მოხალისედ ჩაეწერა სამხედრო სამსახურში. მართალია, მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული კუგანი დიდხანს ცდილობდა პროდიუსერების დაინტერესებას, მაგრამ ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა და მხოლოდ ერთხელ, 1964 წელს შეახსენა თავი მაყურებელს, როცა ბიძია ფესტის როლით გამოჩნდა ტელესერიალში „ადამსების ოჯახი” (The Addams Family).
შირლი ტემპლი (Shirley Temple)
ბევრად იღბლიანი აღმოჩნდა შირლი ტემპლი, რომელმაც თავისი საბავშვო როლებით გაითქვა სახელი ფილმებში „გაიღვიძე და იმღერე“, „პატარა მისს მარკერი“, „მბრწყინავი თვალები“ (Stand Up and Cheer! Little Miss Marker, Bright Eyes) და „დიდი დეპრესიის“ წლებში ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად იქცა. სხვათა შორის, 7 წლის შირლი პირველი ბავშვია, ვინც 1935 წელს, ამერიკის კინოაკადემიის ე.წ. „ახალგაზრდული ოსკარის“ მფლობელი გახდა განსაკუთრებული კინოდამსახურებითვის.
მაკოლაი კალკინი (Macaulay Culkin)
თითქმის რვა ათწლეულის შემდეგ კუგანის ბედი გაიზიარა 10 წლის მაკოლეი კალკინმა, რომელსაც კევინ მაკკალისტერის როლმა კომედიიდან „მარტო სახლში“ (Home Alone), ჯერ „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია და „წლის ბავშვის“ ტიტული, მერე-4 მილიონიანი ჰონორარი და ბლოქბასტერის მეორე ნაწილში მონაწილეობის შანსი მოუტანა.
მაკოლეის შემოსავლებით ყველაზე მეტად მისმა მამამ იხეირა, რომელსაც შვილის კარიერაზე მეტად მისი ანაზღაურება აღელვებდა და ხან უმცროსი კალკინების კინოსამყაროში „დაბინავებას“ ცდილობდა, ხან მაკოლაის ჰონორარის გაზრდას მოითხოვდა. სწორედ მშობლების სიხარბემ, რომელთაც ვერაფრით გაინაწილეს შვილის 35 მილიონიანი ქონება, აიძულა მაკოლეი, დროებით უარი ეთქვა კინოკარიერაზე, თუმცა, პაუზა ზედმეტად გაიჭიმა და კალკინმა ვეღარ შეძლო ჰოლივუდში დაბრუნება. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა მისი მუსიკალური კარიერაც, რადგან ჯგუფი The Pizza Undergraund, რომელიც 2013 წელს შექმნა, პირველივე ტურნეში ჩავარდა და სწრაფად დაიშალა.
ევროპელი კინოვარსკვლავები
ამერიკელებისგან განსხვავებით, ევროპელებისთვის კინო უფრო ხელოვნებაა, ვიდრე ბიზნესი და კინემატოგრაფისტებიც მხოლოდ პროფესიოანალური განათლების შემდეგ იწყებენ სერიოზულ მუშაობას, ამიტომ არც თვითონ ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადრეულ ასაკში მიღწეულ წარმატებას, არც მშობლები ცდილობენ საკუთარი შვილებისგან ვარსკვლავების შექმნას. ასე მოხდა ფრანსის ვებერის კომედიის „გაქცეულების“ (Les Fugitifs) მთავარი გმირის - პატარა ჟანას როლის შემსრულებლის ანიას ბრეს (Anaïs Bret) შემთხვევაშიც, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ეკრანზე, მერე კი, ფიზიკოსის პროფესია აირჩია და მეტად წარმატებული კარიერა გაიკეთა ატომური ფიზიკის დარგში.
მარკ ლესტერი (Mark Lester)
მართალია, ბრიტანული კინოს ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა მარკ ლესტერიც, რომელმაც 10 წლის ასაკში მიიღო მთავარი როლი ჩარლზ დიკენსის რომანის „ოლივერ ტვისტის თავგადასავლის“ (Oliver!) ეკრანიზაციაში, 1960-1970-იან წლებში კი, 20-ზე მეტი როლი შეასრულა კინო და ტელედადგმებში, მათ შორის პროექტებში „451 გრადუსი ფარენგეიტით“, „უფლისწული და მათხოვარი“, „მოწმე“ და „უსაქმური“ (Fahrenheit 451, The Prince and the Pauper, Eyewitness, Scalawag), მაგრამ 19 წლისა მედიცინამ გაიტაცა და საკმაოდ წარმატებული ექიმი გახდა, თუმცა არც მსახიობობაზე თქვა უარი და ეპიზოდური როლებით ჩნდება ცნობილი რეჟისორების ფილმებში. სხვათა შორის, ლესტერის 4 შვილის ნათლია პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონი გახდა, რომელთანაც მარკს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა.
ფაბრის გრეკო (Fabrice Gréco)
11 წლის ფაბრის გრეკო იგივე ერიკ რამბალ-კოშე ფილმიდან „სათამაშო” (Le Jouet), სრულიად შემთხვევით მოხვდა გადასაღებ მოედანზე, როცა მშობლების მეგობარმა და ფილმის პროდიუსერმა ალენ პუარემ, ხუმრობით შესთავაზა სინჯებში მონაწილეობა. წარმატებული დებიუტის მიუხედავად, გრეკოს არასდროს უფიქრია კინოკარიერაზე სერიოზულად, სამაგიეროდ, ინჟინერ-პროგრამისტის სპეციალობით დაამთავრა კოლეჯი და დღეს ერთ-ერთი ინტერნეტ-კომპანიის წამყვანი ვებ-დიზაინერია. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი, მშვიდად ცხოვრობს პარიზში და მაქსიმალურად ერიდება ჟურნალისტებთან ურთიერთობას.
ენცო სტაიოლა (Enzo Staiola)
9 წლის ენცო სტაიოლამ ნეორეალისტური შედევრიდან „ველოსიპედების გამტაცებლები“ (Ladri di biciclette), სიარულის თავისებური მანერით მოხიბლა რეჟისორი. ვიტორიო დე სიკას ძალიან უნდოდა ბიჭუნას ფილმში გადაღება, თუმცა მშობლები აღმოჩნდნენ კატეგორიული წინააღმდეგი, რომლებიც მხოლოდ კონტრაქტით გათვალისწინებულმა 12 მილიონმა ლირამ - რაც უფროსი სტაიოლას 4 წლის ხელფასს უტოლდებოდა, დაარწმუნა მიეცათ მცირეწლოვანი შვილისთვის ფილმში მონაწილეობის უფლება. 1950-იან წლებში სტაიოლა ძირითადად მოზარდების როლებს ასრულებდა ნაკლებად ცნობილ ფილმებში, ბოლო ნამუშევრის „ხმალი დროშის გარეშე“ (Spade senza bandiera) მარცხმა კი, დიდი ხნით ათქმევინა უარი კინოკარიერაზე და მათემატიკოსის სპეციალობის მიღების შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 1977 წელს გამოჩნდა დრამაში „გოგონა ყვითელ პიჟამაში“ (La ragazza dal pigiama giallo). სხვათა შორის, „ველოსიპედების გამტაცებლების“ 50 წლის იუბილეზე, იტალიაში სპეციალური საფოსტო მარკა გამოვიდა პატარა ბრუნო რიჩის გამოსახულებით.
ჟან-პიერ ლეო (Jean-Pierre Léaud)
წარმატებულ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ჟან-პიერ ლეო, რომელიც კომედიაში „ფრთხილად, ლა ტურ!“ (La Tour, prends garde!) დებიუტის შემდეგ აღმოჩნდა ფრანგული „ახალი ტალღის” ცნობილი რეჟისორის ფრანსუა ტრიუფოს დრამაში „400 დარტყმა“ (Les 400 coups). აღსანიშნავია, რომ ლიცეუმის მოსწავლე, 14 წლის ჟან-პიერი დიდად არ განსხვავდებოდა ეკრანული პროტოტიპისგან - ბუნტისთავი ანტუან დუანელისგან, რომელიც მშობლების გულგრილობით გულდაწყვეტილი ცდილობდა გამომწვევი ქცევით ყურადღების მიქცევას, ამიტომ არც როლს მორგება გაუჭირდა, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილება გადაიტანა ეკრანზე.
ტრიუფოს და ლეოს თანამშრომლობა ფილმებში „მოპარული კოცნა”, „ოჯახური კერა” და „გაპარული სიყვარული” (Baisers volés, Domicile conjugal, L’Amour en fuite) გაგრძელდა, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე ასახეს დუანელის ცხოვრება და ლეოც პრაქტიკულად საკუთარ პერსონაჟთან ერთად გაიზარდა, უკვე ზრდასრულმა და გამოცდილმა მსახიობმა კი, ცნობილი რეჟისორების –პიერ პაოლო პაზოლინის, ბერნარდო ბერტოლუჩის და ჟან-ლუკ გოდარის ფილმებში შეასრულა მთავარი და ეპიზოდური როლები. 1966 წელს მისი ნამუშევარი დრამაში „ქალისა და მამაკაცის“ (Masculin Féminin) „ვერცხლის დათვის” პრემიით აღინიშნა ბერლინის კინოფესტივალზე. დღეს ლეო 79 წლისაა, დამსახურებულ პენსიაზეა და ძალიან იშვიათად ჩნდება ევროპულ კინოფესტივალებზე.
საშინელებათა ფილმების მთავარი გმირები
კომედიის შემდეგ სწორედ საშინელებათა ფილმია ამერიკელების საყვარელი ჟანრი. რა თქმა უნდა, რეჟისორები მაქსიმალურად ცდილობენ მაყურებლის ინტერესის გათვალისწინებას და თუნდაც ერთი „ჰორორის“ შექმნას. გამონაკლისი არც ნილ ჯორდანი აღმოჩნდა, რომელმაც 1994 წელს დადგა „ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ცხოვრების ქრონიკა” (Interview with the Vampire: The Vampire Chronicles) და ერთგვარ ნოვაცია შესთავაზა მაყურებელს, რადგან პირველად წარუდგინა პუბლიკას ვამპირი ბავშვი 12 წლის კირსტენ დენსტის შესრულებით.
დენი ლოიდი (Danny Lloyd)
საშინელებათა ეპიცენტრში აღმოჩნდა დენი ლოიდიც, როცა 5 ათას პრეტენდენტს შორის სწორედ მან მოიპოვა ჯეკ ნიკოლსონთან და სტენლი კუბრიკთან ერთად ფილმზე „ნათება” (The Shining) მუშაობის უფლება. მართალია, თავიდან როლი „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტების“ პატარა ვარსკვლავს კერი გუფს ერგო, მაგრამ სცენარის გაცნობის შემდეგ, მისმა მშობლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს ფილმში მონაწილეობაზე და საბოლოოდ, სწორედ 7 წლის დენიმ მიიღო როლი, რომელიც დაარწმუნეს, თითქოს არა საშინელებათა ფილმში, არამედ ჩვეულებრივ დრამაში მონაწილეობდა.
თავად ლოიდის განცხადებით, სრულად ფილმი მხოლოდ 16 წლის ასაკში ნახა და ნაკლებად აღფრთოვანდა საკუთარი ნამუშევრით, რადგან რამდენიმე სცენაში უკეთესადაც შეეძლო თამაში. სხვათა შორის, „ნათების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ლოიდმა ეპიზოდური როლი შეასრულა ბიოგრაფიულ დრამაში „გორდონ ლიდი” (Will: G. Gordon Liddy) და მართალია, კინოკარიერის გაგრძელების დიდი სურვილის ჰქონდა, მაგრამ ყველა მისი მცდელობა მარცხით დასრულდა. 14 წლის დენიმ საბოლოოდ თქვა უარი მსახიობის კარიერაზე, პედაგოგიური განათლების მიღების შემდეგ კი, კენტუკის შტატში ელიზაბეტთაუნის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი გახდა.
ჰარვი სტივენსი (Harvey Stephens)
„ომენი: წინასწარმტყველება” (The Omen) – გასული საუკუნის 70-იანი წლების კიდევ ერთი ცნობილი ჰორორია, რომლის მთავარი გმირი ისევ პატარა მსახიობი ჰარვი სტივენსი გახდა. მართალია, ფილმს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და ჟანრის მოყვარულთა დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ თავად 6 წლის დენი იქცა ბევრისთვის ბოროტების სიმბოლოდ. წარმატებული დებიუტის შემდეგ, სტივენსმა ეპიზოდური როლი შეასრულა სატელევიზიო დადგმაში „გოგენი: ველური თუ გენიოსი“ (Gauguin the Savage), რამდენიმე წლის წინ კი, თავისივე სადებიუტო ფილმის რიმეიქში გამოჩნდა ჟურნალისტის ნაკლებად შესამჩნევი როლით. დღეს, სტივენსი ლონდონში ცხოვრობს, ტვირთის გადაზიდვის კომპანიას ფლობს და ძალიან ბედნიერია, რომ თავის დროზე უარი თქვა კინოკარიერის გაგრძელებაზე.
საუკეთესო საბავშვო დრამატული როლები
ერთი შეხედვით, ფილმები ბავშვების მონაწილეობით ხალისიან და აუცილებლად პოზიტიურ განწყობას უნდა ქმნიდნენ, თუმცა ხშირად, პატარა მსახიობებს ისეთ როლებს ანდობენ, რომელთა შესრულება უფროსებსაც ძალიან უჭირთ.
ჯასტინ ჰენრი (Justin Henry)
სოციალურ დრამაში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ” (Kramer vs Kramer) მერილ სტრიპის და დასტინ ჰოფმანის შემდეგ, რეჟისორმა რობერტ ბენტონმა სწორედ 8 წლის ჯასტინ ჰენრიზე შეაჩერა არჩევანი, რომელმაც საკმაოდ რთული და ემოციური პერსონაჟის წყალობით დაიმსახურა “ოსკარის” ნომინაცია მეორე პლანის როლის კატეგორიაში და მე-80 პოზიციით შევიდა ტელეკომპანია VH1-ის „100 საუკეთესო მსახიობი ბავშვის” ნუსხაში.
1980-იან წლებში ჰენრი რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვან პროექტში გამოჩნდა, 1993 წელს სკიდმორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხით დასრულების შემდეგ კი, ეპიზოდური როლები შეასრულა სერიალებში “სასწრაფო დახმარება” და “ახალგაზრდა მცველები” (ER, The Junior Defenders). რამდენიმე წლის შემდეგ ჰენრიმ კინოფესტივალი Slamdunk Film Festival დააფუძნა, მოგვიანებით კი, მედიით დაინტერესდა და ჯერ საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია შექმნა, 2009 წელს კი, კომპანია Veoh-ს ჩაუდგა სათავეში.
რიკი შროდერი (Rick Schroder)
ბენტონის მსგავსად, ფრანკო ძეფირელის დამსახურებად იქცა 9 წლის რიკი შროდერის ბრწყინვალე თამაში ფილმში „ჩემპიონი“ და „ოქროს გლობუსის“ პრემია „საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში. წარმატებული სტარტის შემდეგ რიკიმ ჯერ ელიოტ გულდს გაუწია პარტნიორობა ფილმში „ნოეს კიდობნის ბოლო ფრენა” (The Last Flight of Noah's Ark), მერე მთავარი როლი შეასრულა ბრიტანულ ისტორიულ დრამაში “პატარა ლორდი ფაუნტლეროი” (Little Lord Fauntleroy).
სკოლის დასრულების შემდეგ, შროდერმა ამპლუა შეიცვალა და სერიოზულად შეუდგა სამსახიობო ოსტატობის შესწავლას, თუმცა, ძალიან მალე რეჟისორობამ გაიტაცა და საკმაოდ საინტერესო ფილმებიც დადგა. 2004 წელს ეკრანებზე მისი დრამა „შავი ღრუბელი” (Black Cloud) გამოვიდა, რომლის სცენარი თავად დაწერა, 2005-ში - კომპოზიციის Whiskey Lullaby კლიპისთვის დაჯილდოვდა CMT Music Awards-ის პრემიით საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, 2015 წელს კი, მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი – მუსიკალური დრამა „ცხოვრება ყველა ფერში“ (Dolly Parton's Coat of Many Colors) გამოვიდა.