რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ქვედანაყოფები რეგულარული არმიის ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ჯგუფის მებრძოლები განადგურებულ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მანამდე, "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან „ვაგნერის“ მებრძოლების გაყვანა დაიწყო.
"ვაგნერელთა" გაყვანის პროცესის ამსახველი ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა, სადაც ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების გვერდით პოზირებს.
„ზურგის ზონაში გავდივართ. 1-ელ ივნისამდე ყველანი შევიკრიბებით, (პოზიციები) სამხედროებს გადაეცემათ“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
ამის შემდეგ მან დაქირავებულ მებრძოლებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ 1-ელი ივნისისთვის „ვაგნერის“ ყველა ქვედანაყოფი ზურგის მხარეს გადაინაცვლებს და დასვენების შემდეგ „ახალ დავალებებს“ მიიღებენ.