რა თქმა უნდა, ყველა კარგად იცნობს ლეგენდარული U2-ს შემოქმედებას, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ჯგუფის ლიდერი, რომელიც პუბლიკამ ბონოს ფსევდონიმით გაიცნო, არა მხოლოდ ბრწყინვალე მუსიკოსი, არამედ საოცარი ქველმოქმედი და ფილანთროპია, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის აფრიკის ქვეყნების ვალების გაუქმებისთვის და აქტიურად ეხმარება აფრიკელებს ჰუმანიტარული პროექტებით.
2003 წელს ბონომ საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენი და კავალერის წოდება მიიღო, 2005 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა, ერთი წლის შემდეგ კი, ჟურნალ Time-ის „წლის ადამიანი“ გახდა და ნობელის პრემიის ნომინანტთა ნუსხაში მოხვდა.
მეტსახელი მუსიკოსმა, რომელსაც სინამდვილეში პოლ დევიდ ჰიუსონი ჰქვია, მოზარდობაში მიიღო, როცა დუბლინში ცხოვრობდა და სამოყვარულო ჯგუფის Lipton Village-ს შემადგენლობაში მართავდა ქუჩის კონცერტებს. „ბონო ვოკსი“, რაც ლათინურად „კარგ ხმას“ ნიშნავს, პოლს მეგობრებმა შეარქვეს სმენის აპარატების ადგილობრივი მაღაზიის Bonavox-ის ანალოგად. თუმცა, მომავალ მუსიკოსს, რომელსაც ყოველთვის აეჭვებდა საკუთარი ვოკალური მონაცემები, ძალიან არ მოსწონდა მეგობრების მიერ შერქმეული სახელი, ამიტომ მხოლოდ 1970-იანი წლების ბოლოს მოირგო ბონოს ფსევდონიმი.
14 წლის ასაკში პოლმა უმძიმესი დანაკარგი განიცადა, როცა ერთ კვირაში ორი უახლოესი ადამიანი - ჯერ ბაბუა, მერე, დედა დაკარგა, რომელმაც სწორედ მამის დაკრძალვაზე გადაიტანა ცერებრალური ანევრიზმა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მუსიკოსის განცხადებით, დედის გარდაცვალებამ უდიდესი გავლენა მოახდინა და შესაძლოა, სრულად განსაზღვრა მისი ცხოვრება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ რამდენიმე კომპოზიცია, მათ შორის I Will Follow და Out Of Control სწორედ მას მიუძღვნა.
1976 წელს სკოლაში, სადაც პოლი ნაკლები ხალისით სწავლობდა, განცხადებების დაფაზე მოკლე შეტყობინება გაჩნდა, რომელიც იუწყებოდა, რომ ვინმე ლარი მალენი ახლად შექმნილ როკ-ჯგუფში იწვევდა მსურველებს. ბონოს მსგავსად განცხადებას ადამ კლეიტონი და დევიდ ევანსი (იგივე „ეჯი“) გამოეხმაურნენ.
ახალბედა მუსიკოსები დიდხანს ფიქრობდნენ ჯგუფის სახლზე და რამდენიმე ვერსიის შემდეგ, საბოლოოდ U2-ზე შეთანხმდნენ, რაც მეტად ორაზროვნად იშიფრება, რადგან ერთის მხრივ, სწორედ ასე ერქვა ცივი ომის დროს განადგურებულ მზვერავ თვითმფრინავს, მეორეს მხრივ - სიტყვების თამაშია და ინგლისურ You Too-ს ანუ „და შენც“ ნიშნავს. თუმცა, ცნობილი ტელეწამყვანის ლარი კინგის შოუში ბონომ აღიარა, რომ არასდროს მოსწონდა ჯგუფის სახელი და სიამოვნებით შეცვლიდა.
მართალია, 1977 წელს ჯგუფის სადებიუტო კონცერტს მხოლოდ რვა ადამიანი დაესწრო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ U2-მ ლიმერიკში, ახალგაზრდა მუსიკოსების კონკურსში გაიმარჯვა და მთავარ პრიზთან - 500 ფუნტ სტერლინგთან ერთად პროფესიონალურ სტუდიაში ალბომის ჩაწერის უფლებაც მიიღო. რა თქმა უნდა, მუსიკოსებმა ხელიდან არ გაუშვეს შანსი და ხუთი სინგლი Out Of Control, Stories For Boys, Boy-Girl, Another Day და Twilight ჩაწერეს, რომელთაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა.
1990-იანი წლების დასაწყისში ჯგუფმა ცნობილი მუსიკალური ჟურნალის Hot Press-ის ხუთ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, დუბლინის ნაციონალურ სტადიონზე მოწყობილი გრანდიოზული კონცერტის შემდეგ კი, სოლიდურ კომპანიასთან Island Records-თან გააფორმა კონტრაქტი და პირველი ალბომი Boy გამოუშვა, რომელიც კრიტიკოსებმა საუკეთესო სადებიუტო ჩანაწერად შეაფასეს როკ-მუსიკის ისტორიაში.
1983 წელს U2-მ ალბომი War გამოუშვა, რომელიც ათწლეულის ყველაზე გაყიდვად ფირფიტად იქცა, 1987 წელს - The Joshua Tree ჩაწერა, რომელმაც სავიზიტო ბარათად ქცეული ჰიტ-სინგლები With or Without You, I Still Haven’t Found, What I’m Looking For გააერთიანა და „გრემის“ ორი პრემია დაიმსახურა, 2001-ში კი, სინგლით Beautiful Day შემატა სამი პრიზი სოლიდურ კოლექციას. საერთო ჯამში U2-მ 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, 22 „გრემი“ მოაგროვა და რეკორდი დაამყარა, რადგან ყველაზე „შემოსავლიანი“ ჯგუფი გახდა მუსიკის ისტორიაში.
სოლიდური პრემიების და ნომინაციების მფლობელია თავად ბონოც, რომელმაც ჯერ „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია მოიპოვა, მერე ელისაბედ მეორისგან მიიღო ბრიტანეთის ორდენის რაინდ-კომანდორის ტიტული აქტიური ქველმოქმედებისთვის.
საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაბმული მუსიკოსი განსაკუთრებულ ყურადღებას შიდსთან ბრძოლასა და აფრიკის უღარიბესი ქვეყნების მხარდაჭერაზე ამახვილებს. 2002 წელს ბონომ კომპანია DATA დააფუძნა, რომლის სახელი როგორც Debt-AIDS-Trade-Africa ანუ „ვალი, შიდსი, ვაჭრობა, აფრიკა“ იშიფრება, 2006-ში კომპანია Product Red შექმნა, რომელიც თავიდან მხოლოდ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდისთვის აგროვებდა თანხას, თუმცა ახლა ტუბერკულოზის, მალარიის და COVID-19-ის კვლევისა და პრევენციისთვისაც ცდილობს ფინანსების მობილიზირებას.
აღსანიშნავია, რომ ლეიბლი EDUN, რომელიც ბონომ მეუღლესთან ერთად შექმნა აფრიკაში მეწარმეობის გასავითარებლად, ბობ გელდოფთან ერთად კი, მასშტაბური კამპანია წამოიწყო გაღატაკებული ქვეყნების დახმარებისა და დასავლელი კრედიტორების ვალების გასაუქმებლად, ყველასთვის მოულოდნელი წარმატებით დასრულდა, რადგან 36 ქვეყანა სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდა ფინანსური ვალდებულებისგან, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საერთო ჯამში 116 მილიარდი დოლარი შეადგინა.