სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე შარლ დე გოლი, რომელსაც ფრანგები უდიდეს მმართველად მიიჩნევენ ნაპოლეონ ბონაპარტისა და ფრანსუა მიტერანის შემდეგ, ბავშვობიდან ინტერესდებოდა სამხედრო საქმითა და საბრძოლო ხელოვნებით. სწორედ გენერალმა დე გოლმა შექმნა 1940 წელს ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობა, 1959 წელს კი მეხუთე რესპუბლიკა დააფუძნა, რომლის პირველი პრეზიდენტი თავად გახდა.
შარლ ანდრე ჟოზეფ მარი დე გოლი 1890 წლის 22 ნოემბერს დაიბადა საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ლილში, ფილოსოფიისა და ლიტერატურის პროფესორის ანრი დე გოლისა და ტექსტილის ფაბრიკების შეძლებული მფლობელის ქალიშვილის ჟანა მაიოს მეტად პატრიოტულ კათოლიკურ ოჯახში. აღსანიშნავია, რომ არისტოკრატი დე გოლები სინამდვილეში პარიზში ცხოვრობდნენ, ლილში კი, მაიოს ოჯახი სახლობდა, სადაც ჟანა ყოველი მშობიარობის წინ მიემგზავრებოდა. სწორედ იქ გააჩინა ხუთი შვილი, რომელთა შორის შარლი მესამე იყო.
დე გოლს ადრეული ასაკიდანვე იტაცებდა ისტორიული რომანები. მეტიც, მომავალი გენერლისთვის პრაქტიკულად მისტიკურ მცნებად იქცა სამშობლოსთვის სამსახური, მით უფრო, რომ მშობლების წყალობით საოცრად პატრიოტულ გარემოში გაიზარდა. ანრი დე გოლი საშინაო განათლების პრინციპებს იზიარებდა, ამიტომ თავად ასწავლა შვილებს წერა-კითხვა, გააცნო კლასიკური ფრანგული და მსოფლიო ლიტერატურა და მანვე წაახალისა ბავშვების ინტერესი ფილოსოფიის, ორატორობის მიმართ, მეტად ემოციური დედის მონათხრობმა კი, რომელიც ყოველთვის გულაჩუყებით იხსენებდა 1870 წელს ფრანგების კაპიტულაციას გერმანელებთან, შარლს ჯერ რევანშის, მერე საბრძოლო ტაქტიკის ხელოვნების დამოუკიდებლად დაუფლების სურვილი გაუჩინა.
10 წლის შარლი საკუთარი სურვილი გაეცნო ნიცშეს, კანტის, პლატონის ნაშრომებს და შუასაუკუნეების ისტორიას. მოზარდმა, რომელიც მთელი გულით ნატრობდა კაპიტულაციისთვის შურისძიებას, 15 წლის ასაკში მოთხრობა „გენერალი დე გოლი“ დაწერა, რომელშიც მისმა პროტოტიპმა ფრანგული არმიის მთავარსარდლის რანგში მოიპოვა გერმანელებზე გამარჯვება.
პარიზში, სტანისლას კოლეჯში ერთწლიანი მოსამზადებელი კურსის შემდეგ შარლი სენ-სირის პრესტიჟულ სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა ფეხოსანთა ნაწილში, რომელიც თვითონვე აირჩია, რადგან ჩათვალა, რომ სწორედ ფეხოსნები იყვნენ ყველაზე ახლოს საბრძოლო მოქმედებებთან. დე გოლმა სკოლაც წარჩინებით დაასრულა და ატესტატიც ბრწყინვალე მიიღო: „ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს, უზარმაზარ ენერგის, მონდომებას და ენთუზიაზმს, შეუძლია დამოუკიდებლად და გაბედულად მოქმედება, ოფიცრობის საუკეთესო კანდიდატია“, - სწორედ ასე დაახასიათეს პედაგოგებმა შარლი, რომელიც უმცროსი ლეიტენანტის წოდებით შეუერთდა აუსტერლიცის ბრძოლის გამარჯვებულ 33-ე ფეხოსანთა პოლკს პოლკოვნიკ ფილიპ პეტენის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით, „სამხედრო მემუარებში“ დე გოლმა აღნიშნა, რომ ჯარში სამსახური ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა მის ცხოვრებაში.
პირველ მსოფლიო ომში, რომელშიც საფრანგეთი 1914 აგვისტოში ჩაება, ლეიტენანტი დე გოლი შარლ ლანრეზაკის მე-5 არმიის შემადგენლობაში იბრძოდა ბელგიის ქალაქ დინანში. შარლმა საკუთარ თავზე გამოცადა ომის მთელი სისასტიკე, რადგან რამდენჯერმე დაიჭრა, 1926 წელს კი, გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდა, როცა დაღუპულად მიჩნეული და ბრძოლის ველზე მიტოვებული უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ჯერ ჰოსპიტალში, მერე საპატიმროში.
მართალია, დე გოლმა ექვსჯერ სცადა ტყვეობიდან თავის დაღწევა ხან თეთრეულის კონტეინერში დამალვით, ხან კედელში გვირაბის გათხრით, მაგრამ არცერთმა მცდელობამ არ გაამართლა და საბოლოოდ ინგოლშტადტის ციხეში მოხვდა, სადაც გერმანელი მწერლების ნაწარმოებებს გაეცნო და უკეთ შეისწავლა ქვეყნის ისტორია. ტყვეობაში დაწერა შარლმა პირველი წიგნიც „განხეთქილება მტრის ქვეყანაში“, რომელიც 1924 წელს გამოიცა.
საერთო ჯამში დე გოლმა 32 თვე გაატარა პატიმრობაში და ძალიან განიცდიდა, რომ საბრძოლო მოქმედებებში ვერ შეძლო მონაწილეობა. გერმანელების ტყვეობიდან შარლი მხოლოდ 1918 წლის 11 ნოემბერს მიღწეული ზავის შემდეგ გათავისუფლდა, დეკემბრის თვეში კი, მშობლიურ საფრანგეთს დაუბრუნდა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1919-1920 წლებში დე გოლი ჯერ პოლონეთის ფეხოსანთა არმიას ინსტრუქტირებდა რუსეთთან ბრძოლებში, მერე ლექციებს კითხულობდა სამხედრო სასწავლებელში და აქვეყნებდა ნაშრომებს საბრძოლო ტაქტიკაზე, 1927 წელს კი, ფეხოსანთა მე-19 ელიტარული ბატალიონის მეთაურად დაინიშნა.
დე გოლი დარწმუნებული იყო, რომ ნებისმიერ ბრძოლის მოგება შეიძლებოდა ტანკებისა და სწრაფად მანევრირების წყალობით. 1934 წელს მან „ფრანგული ჯარისადმი მიმართვა“ გამოაქვეყნა და ფეხოსანთა მექანიზაციის რეფორმის საკუთარი ხედვა წარმოადგინა. დე გოლი ირწმუნებოდა, რომ არმიაში აუცილებელი ცვლილებების გატარების შემთხვევაში ნებისმიერ ომში გაიმარჯვებდა 100 ათასი ფეხოსნისა და 3 ათასი ტანკის გამოყენებით.
1939 წლის 31 აგვისტოს, ერთი დღით ადრე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დე გოლი უკვე გენერლის რანგში ჩაუდგა სათავეში სატანკო პოლკს, თუმცა მხოლოდ 80 „მსუბუქი“ ტანკი ჩაიბარა, რომელთაც „უსარგებლო მტვერი“ უწოდა. გენერალმა საკუთარი ეჭვი გამოთქვა და სინანულით აღნიშნა, რომ „იძულებით მონაწილეობდა უცნაურ მისტიფიკაციაში, რადგან ამგვარი ტექნიკით შეუძლებელი იყო ბრძოლის წარმოება“.
დე გოლის ეჭვები გამართლდა, რადგან საფრანგეთის მთავრობამ არ ისურვა ომში ჩაბმა. მართალია, ივნისის თვეში გენერალი უინსტონ ჩერჩილს ეწვია ლონდონში რამდენიმე ხომალდის მოთხოვნით, რათა ბორდოში გადაბარგებული პრემიერ-მინისტრის პოლ რეინოსა და მისი მთავრობის ევაკუირება განეხორციელებინა აფრიკის კონტინენტზე, მაგრამ რეინომ პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და ფილიპ პეტენს გადააბარა საკუთარი მოვალეობა, რომელმაც 18 ივნისს მოლაპარაკება გამართა გერმანელებთან და დაზავება შესთავაზა.
როგორც ჩანს, სწორედ ეს დღე აღმოჩნდა გარდამტეხი დე გოლისთვის, რომელმაც მოგვიანებით „იმედის მემუარებში“ აღნიშნა: „1940 წლის 18 ივნისს, პასუხად სამშობლოს მოწოდებაზე, მარტოდ დარჩენილმა და ყველასთვის უცნობმა დე გოლმა საკუთარ თავზე აიღო საფრანგეთზე პასუხისმგებლობა“. იმავე დღეს BBC-მ რადიოეთერით გადასცა დე გოლის სიტყვით გამოსვლა, რომელშიც გენერალმა წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნისკენ მოუწოდა ფრანგებს, რამდენიმე დღეში კი, სააგიტაციო ბუკლეტებიც გავრცელდა: „საფრანგეთმა ბრძოლა წააგო, მაგრამ ომში არ დამარცხებულა! არაფერია დაკარგული, რადგან დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლო თავისუფლებას და ძველ დიდებას დაიბრუნებს. სწორედ ამიტომ მივმართავ ყველას შემომიერთდეს მოქმედების, თავგანწირვისა და იმედის სახელით“, - წერდა დე გოლი, რომელსაც ჩერჩილმა „ყველა თავისუფალი ფრანგის მეთაური“ უწოდა.
გენერალმა დე გოლმა ჯერ პეტენის მთავრობა დაადანაშაულა ღალატში, მერე ორგანიზაცია „მებრძოლი საფრანგეთი“ შექმნა, რომლის მთავარ მიზანს ოკუპანტებისა და ვიშის კოლაბორაციული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. მართალია, პარტიზანული ორგანიზაციების ქსელი სწრაფად გავრცელდა ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ზარალიც მძიმე განიცადა, რადგან ნაცისტები არც რეპრესიებს ერიდებოდნენ, არც პარტიზანთა მასიურ ლიკვიდაციას, თუმცა გენერალი არც თვითონ ფიქრობდა უკან დახევას და ფრანგებსაც დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა.
1942 წელს მოკავშირეებთან მოლაპარაკებისა და გენერალ დე გოლის მონაწილეობით ფრანგი გამანადგურებლების საავიაციო ესკადრილია „ნორმანდია- ნემანი“ შეიქმნა, რომელმაც ნაცისტური ბლოკის ქვეყნებს გაუწია წინააღმდეგობა, 1944 წლის 6 ივნისს კი, მოკავშირეებმა წარმატებით განახორციელეს ოპერაცია „ნეპტუნი“, ანუ გადმოსხმა ნორმანდიაში, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.
თუმცა, გარდამტეხი მაინც „პარიზის აჯანყების“ სახელით ცნობილი ბრძოლა აღმოჩნდა დასავლეთ ფრონტზე, რომელიც 1944 წლის 19 აგვისტოს დაიწყო და 6 დღეში დასრულდა გერმანიის საოკუპაციო ძალების კაპიტულაციით, პარიზის გათავისუფლებითა და ვიშის მთავრობის გაქცევით. გამარჯვებული დაბრუნდა დედაქალაქში დე გოლიც, რომელმაც საზეიმო მსვლელობა მოაწყო პარიზის ქუჩებში, 26 აგვისტოს კი, გრანდიოზული აღლუმი გამართა საფრანგეთის გათავისუფლების აღსანიშნად. მართალია, აღლუმის დროს სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს გენერლის კოლონას, მაგრამ დე გოლი ტყვიებს არ შეუშინდა და ამაყად თავაწეულმა გააგრძელა გზა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ სიმტკიცესა და შეუპოვრობას.
რა თქმა უნდა, ომგადატანილ საფრანგეთს სერიოზული რეფორმები სჭირდებოდა, რადგან ქვეყანაში, სადაც ცხოვრების დაბალ დონეს გაზრდილი უმუშევრობაც დაემატა, პოლიტიკური წყობის განსაზღვრაც შეუძლებელი აღმოჩნდა. არ გაამართლა არც 1945 წლის არჩევნებმა, რადგან ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა, თუმცა შედარებითი უმრავლესობა მიიღეს კომუნისტებმა, რომელთაც მორის ტორესს ჩააბარეს ვიცე-პრემიერის პოსტი. მსგავსი შედეგი ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა დე გოლისთვის, რომელმაც კონსტიტუციის პროექტის მრავალგზის უარყოფის და სამხედრო ბიუჯეტზე კამათის შემდეგ, 1946 წლის 20 იანვარს მის მიერვე შექმნილი დროებითი მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვა და საფრანგეთის ჩრდილოეთში, კოლომბე ლე დეზ ეგლიზში გაემგზავრა.
აღსანიშნავია, რომ დე გოლის გადადგომის რეალურ მიზეზად კონფლიქტი იქცა ქვეყნის მმართველობის ფორმაზე. გენერალი ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას ემხრობოდა, კომუნისტები და სოციალისტები კი, პარლამენტის მიერ მთავრობის კონტროლს უჭერდნენ მხარს, არმიის დაფინანსება კი, ბოლო წვეთი აღმოჩნდა დე გოლისთვის, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ძლიერი ქვეყნის შექმნას მხოლოდ ძლიერი არმია და საპრეზიდენტო მმართველობა შეძლებდა.
სწორედ ქვეყნის ჩრდილოეთში 5-წლიანი განმარტოების პერიოდში, რომელიც ნაპოლეონის განდეგილობას შეადარა, დაწერა დე გოლმა თავისი „სამხედრო მემუარების“ 3 ტომი - „მოწოდება“, „ერთობა“ და „გადარჩენა“. საკუთარ ნაშრომებში გენერალმა სახელმწიფოს მეთაურად მოიაზრა საკუთარ თავი და აღნიშნა, რომ „საფრანგეთი მხოლოდ მის ხელში უნდა ყოფილიყო, ვინც დიდებისკენ გაუძღვებოდა, რადგან სხვა შემთხვევაში ქვეყანა უბრალოდ დაიღუპებოდა“.
დე გოლის შინაგანი განცდა საფრანგეთის კრიზისს დაემთხვა, რადგან ალჟირის ომმა, სიღატაკემ და უმუშევრობამ პრაქტიკულად უფსკრულამდე მიიყვანა ქვეყანა, რამაც მთავრობას ისევ მისთვის მიმართვა და თხოვნა აიძულა „დაერღვია სიჩუმე და შეექმნა საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მთავრობა“. დე გოლმა თხოვნა მიიღო და 1958 წლის 1 ივნისს რადიოგამოსვლაში აღნიშნა, რომ „მზად იყო საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა რესპუბლიკაზე“.
ამჯერად, საფრანგეთის ხელისუფლებამ დე გოლის ყველა შეთავაზება მიიღო პრეზიდენტის მმართველობის გაძლიერების ჩათვლით, რომელიც თვითონ დანიშნავდა მინისტრებს და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრს. სახელმწიფო წყობის დე გოლისეული პოსტულატები ახალ კონსტიტუციას დაედო საფუძვლად, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს საფრანგეთი. ამასთანავე, 1958 წელს სწორედ უმთავრესი სახელმწიფო დოკუმენტის მიღებით აღინიშნა მეხუთე რესპუბლიკის შექმნა დე გოლის მეთაურობით.
ახალი ლიდერის მოღვაწეობა მეტწილად საგარეო პოლიტიკაზე იყო ორიენტირებული. 1960 წელს დე გოლმა ვიეტნამს და კამბოჯას, 2 წლის შემდეგ კი, ალჟირსა და აფრიკის სხვა ქვეყნებს მიანიჭა დამოუკიდებლობა, რითაც მხარდაჭერა მოიპოვა მსოფლიო არენაზე. თუმცა, 1965 წელს ჯერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დატოვა, მერე საერთაშორისო ანგარიშსწორებისას დოლარის გამოყენებაზე თქვა უარი და ერთიან ოქროს სტანდარტზე გადავიდა. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მეხუთე რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკაშიც. გენერალი დიდხანს ნატრობდა ბირთვული იარაღის შექმნას, რადგან სწორედ ის მიაჩნდა საფრანგეთის სიმტკიცისა და სიძლიერის გარანტიად. მართალია, დე გოლი აქტიურად შეუდგა ჩანაფიქრის განხორციელებას, მაგრამ პროექტი ათწლეულებზე გაიჭიმა და მხოლოდ 1981 წელს, ფრანსუა მიტერანის მმართველობის პერიოდში შეჩერდა.
1965 წელს, 7-წლიანი მმართველობის ბოლოს, საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა დე გოლმა პირდაპირი არჩევნების შემოღება გადაწყვიტა, თუმცა ძალიან ძვირად დაუჯდა რისკი, რადგან ხმების მხოლოდ 54 პროცენტი მოაგროვა კონკურენტი მიტერანის 45 პროცენტის ფონზე, რაც გავლენის შემცირების პირველ სიგნალად იქცა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პოპულარობის მკვეთრი შემცირება ერთის მხრივ, ბირთვული იარაღის შექმნის იდეამ და ე.წ. შეიარაღებისთვის რბოლაში ჩაბმამ, მეორეს მხრივ, სოფლის მეურნეობის ტოტალურმა განადგურებამ და მედიაზე მონოპოლიამ განაპირობა. ერთ დროს გმირი დე გოლი სწრაფად იქცა ფრანგებისთვის „შეშლილ დიქტატორად“, რომელზეც რამდენიმე წლის მანძილზე 30-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.
1968 წლის 2 მაისს პარიზის ლათინურ კვარტალში, სადაც რამდენიმე ინსტიტუტი და ცნობილი უნივერსიტეტის - სორბონას ფაკულტეტებია თავმოყრილი, სტუდენტებმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს. ახალგაზრდები ნანტერეში სოციოლოგიის ფაკულტეტის აღდგენას მოითხოვდნენ, რომელიც ცოტა ხნით ადრე ანალოგიური გამოსვლის შემდეგ დაიხურა. მშვიდობიანი მანიფესტაცია სწრაფად გადაიზარდა აჯანყებაში, სტუდენტებმა ჯერ ავტომობილებს წაუკიდეს ცეცხლი, მერე სორბონას გარშემო ააგეს ბარიკადები. სიტუაციის დარეგულირება პოლიციის რაზმებმა სცადეს, თუმცა შეტაკებისას ასობით პროტესტანტი დაშავდა, მით უფრო, რომ სტუდენტების რამდენიმედღიან ბუნტს პროფკავშირების წარმომადგენლები და რიგითი ფრანგებიც შეუერთდნენ ლოზუნგით: „მშვიდობით დე გოლ!“
გენერალმა, რომელიც ჯიუტად უარობდა აჯანყებულებთან მოლაპარაკებას, მხოლოდ სენატის რეფორმით, მის ეკონომიკურ და სოციალურ ორგანოდ გადაკეთებით უპასუხა პროტესტანტებს, რაც ერთის მხრივ, მეწარმეებს და პროფკავშირებს მოუტანდა შეღავათს, მეორეს მხრივ, უმუშევრობას დაამარცხებდა. რეფორმის რეფერენდუმზე გამოტანისას დე გოლმა თამამად განაცხადა, რომ მისი წინადადების უარყოფის შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგებოდა და შეასრულა კიდეც პირობა. 1969 წლის 28 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების შეტყობის შემდეგ, დე გოლმა პრემიერ-მინისტრს ჟორჟ პომპიდუს მისწერა კოლომბედან, რომ „საკუთარი ნებით წყვეტდა რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას“.
პოსტის დატოვების შემდეგ დე გოლი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, ჯერ ირლანდიაში, მერე ესპანეთში ცხოვრობდა. სწორედ დამსახურებულ პენსიაზე შეუდგა ყოფილი პრეზიდენტი „იმედის მემუარების“ წერას, თუმცა დასრულება ვერ მოასწრო, რადგან 1970 წლის 9 ნოემბერს, 80 წლის იუბილემდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა.