საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მინისტრს თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა და ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს.
ახალი შენობა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა სრულად ფინანსდება თსუ-ს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.
ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფციის შემუშავებისას კი, გათვალისწინებული იქნება ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.