რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია.
ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში საკუთარ მიზნებს ან „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ ან „სხვა არსებული საშუალებების“ მეშვეობით მიაღწევს.
როგორც რუსული მედია იუწყება, მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა მიზნად კონფლიქტის გაყინვას არ უნდა ისახავდეს. მსგავსი პოზიცია გამოხატეს სხვა დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებმაც.
ამასთან, ოფიციალურმა კიევმაც განაცხადა, რომ სამშვიდობო ინიციატივები არ უნდა ითვალისწინებდეს კონფლიქტის გაყინვას.