2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 16 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რძისა და რძის პროდუქტების, თაფლისა და თხილის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 101 ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 16 მაისამდე 89 რძისა და რძის პროდუქტების დარღვევის ფაქტია დაფიქსირებული, 1 თაფლის რეგლამენტის დარღვევის, 11 კი თხილის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტების დარღვევის 101 შემთხვევიდან 82 შემთხვევაში ჯარიმა არის გამოწერილი, 6 შემთხვევაში კომპანია გააფრთხილეს, 13-ის შემთხვევაში კი დამატებითი სანქციაა გამოყენებული.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბიზნესოპერატორების დაჯარიმება ძირითადად კრიტიკულმა შეუსაბამობამ, ეტიკეტირების წესების დარღვევამ, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევამ, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევამ და სააგენტოს მითითების შეუსრულებლობამ გამოიწვია.