დედაქალაქში A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის ყიდვა-გაყიდვა და გაქირავება უკვე შესაძლებელია. აღნიშნული სერვისისთვის ინტერნეტ პლატფორმაც გამოჩნდა, სადაც ლიცენზიის გასაყიდი ფასი 15 000 ლარსაც კი აღწევს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მასზე გაიცემა, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა.
ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობაა შესაძლებელი.„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, კონკრეტულად, რა ღირს ლიცენზიების შესყიდვა და გაქირავება. licenzia.ge-ს პლატფორმაზე, ტაქსის ლიცენზიის მინიმალური გასაყიდი ფასი 700 ლარია, მაქსიმალური კი, 15 000 ლარს აღწევს. რაც შეეხება გაქირავებას, აქ ფასები გაქირავების ვადებზეა დამოკიდებული და თვეში საშუალოდ 250 ლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ვებგვერდზე გასაყიდი ლიცენზიების რაოდენობა 200 ერთეულს აღწევს, გასაქირავებელი კი 300-ს. ცნობისათვის, A კატეგორია მოიცავს ქალაქში მოძრავ თეთრი ფერის ტაქსებს, რომელთაც აქვთ სპეციალური მანიშნებელი – „ტაქსი თბილისი“.