ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან და ღირსშესანიშნავ დღეს, თბილისსა და ქვეყნის ათ რეგიონში სამხედრო ფიცს ასობით ახალწვეული დადებს. ოფიციალური ცერემონია თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვის მიერ შესრულებული საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნება.
სამხედრო ფიცის დადების ცერემონიისთვის სამზადისია თავისუფლების მოედანზე, მაყურებელი კი დამოუკიდებლობის დღის ყველაზე ემოციურ წუთებს, პირდაპირი ტრანსლირებით თბილისსა და რეგიონებში, ერთდროულად ნახავს.
დედაქალაქში თავისუფლების მოედნიდან - რესპუბლიკის მოედნამდე სცენა და სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი სივრცე განთავსდება, რომელიც ყველა ასაკის სტუმარს დააინტერესებს. თბილისსა და 15 ქალაქში, სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა, ღვინის სივრცეში სომელიეს მასტერკლასი ჯაზის თანხლებით იქნება. რამდენიმე საბავშვო სივრცეში, პატარებს სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები, ანიმატორები და ზღაპრის გმირები გაამხიარულებენ. ღონისძიებები, საღამოს გალაკონცერტით დასრულდება.
დამოუკიდებლობის დღეს და მოსამზადებელი ღონისძიებების დროს, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. 23 მაისიდან, თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად გადაიკეტება.
ავტოტრანსპორტით მოძრაობა, წინასწარ განსაზღვრული ალტერნატიული მარშრუტებით იქნება შესაძლებელი.