საგამოძიებო სამსახურმა 7 პირი გამოავლინა, რომელიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით, 200 000 ლარის ზიანი მიადგა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, პასუხისგებაში 7 პირი მიეცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ხის მასალის თითქოსდა, რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი.
გამოძიების ამ ეტაპზე, ზიანის დაფარვის სახით, ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია 70 000 ლარი.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მიყენებული ზიანის სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.