რუსეთის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ასევე ქალაქ დნიპროსა და ზაპოროჟიეს ოლქში აფეთქებების ხმებიც ისმოდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ ოლქმა, თავდაცვის ძალების წყალობით, თავდასხმას გაუძლო. საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის ხმა ჯამში უკრაინის 15-მდე ოლქში ისმოდა.
განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ბახმუტისა და მარინკას ქალაქებისთვის გრძელდება. რუსეთის სამხედრო ჯგუფ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტის ტერიტორია, დაპირებისამებრ, დაიკავეს და კონფლიქტის ზონას ამ კვირის ბოლოს დატოვებენ. უკრაინული მხარე ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ბახმუტში უკრაინული ჯარები კვლავ რჩებიან.