რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერასდროს წაგვიყვანს - ყველას, ვინც საქართველოში ჩამოფრინდება, დავუდოთ ფურცელი და ვუთხრათ, აღიარეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვინც არ აღიარებს, არ შემოვუშვათ საქართველოში. გეყოფათ ამის გამბედაობა, შეძლებთ, რომ ეს გააკეთოთ? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობას.
უმრავლესობის დეპუტატები გიორგი ვაშაძეს რეპლიკებით მიმართავდნენ, რომ ის "სამარცხვინო ადამიანია". თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს გაჩუმებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „სიმართლე მწარეა“.
„დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეჟიმის ინტერესებს ემსახურება. არ ემსახურება ხალხის ინტერესებს. ის არ ემსახურება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ადამიანების ინტერესებს. ის არ ემსახურება ევროპული პერსპექტივისთვის მებრძოლი ადამიანების ინტერესებს. ის ემსახურება რეჟიმის ინტერესებს. დააწყნარეთ ის ადამიანები, ვისაც მოსმენა არ შეუძლიათ. ნუ ყიყინებთ, მოისმინეთ, რასაც გეუბნებით. მწარეა სიმართლე.
დიახ, რეჟიმის ინტერესების მსახურებაა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისი საპატიმრო დაწესებულებაშია და ზოგი ვალერი კვარაცხელიას ზარზეიმით ხვდება საქართველოში. ყველას გასცემს ხალხი თავის პასუხს, როგორც 7-8 მარტს ხალხის ერთიანობით გახვედით კუდამოძუებულები ამ დარბაზიდან და გაიტანეთ რუსული კანონი, ზუსტად ასე მოგიწევთ რუსული ფრენების შეწყვეტა. ვიცი, რომ ნერვიულობთ, განიცდით. მომავალ პარლამენტში, მგონი ინტელექტის ტესტი უნდა დავამკვიდროთ. ვინც ინტელექტს რაღაც ზღვარს ქვემოთ არის პარლამენტში არ უნდა შემოვუშვათ. ბევრი თქვენგანი ვერ მოხვდებოდა პარლამენტში... თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც მიესალმება რუსეთთან ფრენებს. როგორც 7-8 მარტი იყო წყალგამყოფი, ისე დღევანდელი დღეა წყალგამყოფი. აქ ფრენაზე არ არის საუბარი მხოლოდ. საუბარია, რას ვირჩევთ, ვინ არის ჩვენი პარტნიორი. როცა ჩვენი პარტნიორი წყვეტს ურთიერთობას რუსეთთან და გვეუბნება, რომ თქვენი ადგილია ევროკავშირში, მზად ვართ გვერდით დაგიდგეთ, თქვენ ამ დროს რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობას ამყარებთ. რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ დაჯდება, რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერასდროს წაგვიყვანს.
ევროკავშირში დიდი ერთიანობა შეგვიყვანს, რომელიც ქართველ ხალხში იქნება. არაერთ პროტესტს მიიღებთ, ვიბრძოლებთ მანამ, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი არ იქნება შესრულებული მთელი პარლამენტის მიერ... ყველას, ვინც საქართველოში ჩამოფრინდება, დავუდოთ ფურცელი და ვუთხრათ, აღიარეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვინც არ აღიარებს, არ შემოვუშვათ საქართველოში. გეყოფათ ამის გამბედაობა, შეძლებთ, რომ ეს გააკეთოთ?“ - აღნიშნა ვაშაძემ.