კიდევ ერთი აქცია „არა რუსულ ფრენებს“ - ამ სახელწოდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოფრენას რამდენიმე საათის განმავლობაში აპროტესტებდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” განახორციელა. აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებდნენ.