1887 წლის პირველ დეკემბერს პრესაში მოთხრობა „ეტიუდი მეწამულ ფერში“ დაიბეჭდა, რომლის მთავარი გმირი - მაძებარი შერლოკ ჰოლმსი იყო ბეიკერ-სთრითიდან. მოგვიანებით, სერ არტურ კონან დოილმა, რომელმაც საერთო ჯამში 59 მოთხრობა და 4 რომანი მიუძღვნა მაძებარ ჰოლმსს, აღიარა, რომ საშინლად სძულდა საკუთარი პერსონაჟი, რადგან მისმა წარმატებამ ყველაფერი დაჩრდილა, რაც ბევრად მნიშვნელოვნად მიაჩნდა საკუთარ შემოქმედებაში.
მართალია, პირველი პუბლიკაციის შემდეგ თითქმის 140 წელი გავიდა, მაგრამ დეტექტივის პოპულარობა არა თუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა კიდეც, რადგან ლიტერატურული წინამორბედის მსგავსად ეკრანულმა ჰოლმსმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მისი ისტორიების 200-ზე მეტი ეკრანიზაცია განხორციელდა, თავად კი, ბრიტანული კონსერვატიზმის მიუხედავად, ერთგვარ გლობალურ პერსონაჟად იქცა და პრაქტიკულად ყველა ქვეყნის კინემატოგრაფიას მოერგო.
კამათი საუკეთესო ეკრანულ ვერსიაზე დღემდე გრძელდება, რადგან მრავალრიცხოვან მაყურებელს გემოვნებაც მრავალფეროვანი აღმოაჩნდა. მართალია, კრიტიკოსები საუკეთესოდ დუგლას უილმერის შექმნილ სახეს მიიჩნევენ, რომელმაც 1960-იან წლებში BBC-ის ფილმების სერიაში განასახიერა ჰოლმსი, მაგრამ თანამედროვე კინომოყვარულები მაინც რობერტ დაუნისა და ბენედიქტ კამბერბეტჩის ნამუშევრებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელთაც განსხვავებულად და მეტად ორიგინალურად წარმოაჩინეს საკუთარი პერსონაჟები.
„შეცბუნებული შერლოკ ჰოლმსი“ (Sherlock Holmes Baffled, 1900, აშშ) – ლონდონელი მაძებრის დებიუტი 1900 წელს შედგა ამერიკელი არტურ მარვინის მისტიკურ მუნჯ კომედიაში „შეცბუნებული შერლოკ ჰოლმსი“. მართალია, ფილმის ქრონომეტრაჟმა მხოლოდ 30 წამი შეადგინა და კონან დოილის მოთხრობის მეტად თავისუფალ ინტერპრეტაციად იქცა, მაგრამ სწორედ მან აქცია ჰოლმსი პირველ კინოგმირად, რომლის სახე მრავალჯერ შეიცვალა, რადგან იძულებული გახდა განსხვავებული სტილისა და გემოვნების რეჟისორთა წარმოსახვას დამორჩილებოდა.
არ ჩამორჩნენ მარვინს არც კოლეგები, რომელთაც ლიტერატურული პირველწყაროს მეტად სუბიექტური ვერსიები შექმნეს და ძალიან გააღიზიანეს ავტორი. მოთმინებადაკარგულმა კონან დოილმა ერთგვარი ჯარიმის შემოღებაც კი სცადა, თუმცა 1900-იან წლებში, როცა საერთოდ არ არსებობდა საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა, მის მცდელობას ყურადღება არავინ მიაქცია.
„შელოკ ჰოლმსი“ (Sherlock Holmes, 1908-1911, დანია) – ამერიკელებისგან ესტაფეტა დანიელებმა გადაიბარეს, რომელთაც შერლოკ ჰოლმსის ისტორიების მთელი სერია შექმნეს, მთავარი როლი კი, ვიგო ლარსენს ჩააბარეს. სწორედ მისი ჰოლმსი იქცა ერთგვარ კანონიკურ პერსონაჟად, რადგან მაქსიმალურად მიუახლოვდა ლიტერატურულ ორიგინალს.
აღსანიშნავია, რომ დანიური მუნჯი კინოს პიონერად მიჩნეული ლარსენი, არა მხოლოდ ნაყოფიერი რეჟისორი იყო, რომელმაც 15-წლიანი კარიერის მანძილზე 235 ფილმი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, არამედ საოცრად ნიჭიერი მსახიობიც აღმოჩნდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მის მიერ განსახიერებულმა ჰოლმსმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.
„არაჩვეულებრივი დადგმა და დინამიური მოქმედება, ახალი ეფექტების მიუხედავად შენარჩუნებული რეალისტურობა და ლარსენის ბრწყინვალე თამაში. როგორც ჩანს, დანიელებმა ყველაზე უკეთ გაუგეს ბრიტანელ ჰოლმსს, რადგან სხვებისგან განსხვავებით სერიოზულად მოკიდეს საქმეს ხელი. იმედია, შემდეგი ფილმებიც ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორც პირველი და მთელი სერია წარმატებას მოიპოვებს“, - პრესაში გამოაქვეყნა საკუთარი შეფასება კონან დოილმა და არც შეცდა, რადგან იმდენად შემოსავლიანი აღმოჩნდა 3-წლიანი კინოეპოპეა, რომ ლარსენმა სრულმეტრაჟიანი ფილმის „არსენ ლუპენი შერლოკ ჰოლმსის წინააღმდეგ“ დადგმაც გაბედა.
„არსენ ლუპენი შერლოკ ჰოლმსის წინააღმდეგ“ (Arsène Lupin contra Sherlock Holmes, 1910) – კრიმინალური დრამა ფრანგი მწერლის მორის ლებლანის მოთხრობის მოტივებზე, ლარსენმა ამჯერად გერმანიაში გადაიღო და რა თქმა უნდა, თავად განასახიერა მთავარი პერსონაჟი, მოხერხებული ავაზაკის როლი კი, რომელიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა საფრანგეთში, ყველასთვის უცნობ მსახიობს პაულ ოტოს ჩააბარა.
სწორედ ლუპენის როლით დაიწყო ოტომ ბრწყინვალე კარიერა, თუმცა ძალიან ცუდად დაამთავრა, რადგან მართალია, აქტიურად უჭერდა მხარს ნაცისტურ რეჟიმს, 1942 წელს კი, გერმანიის კულტურის მინისტრად დანიშნა, მაგრამ როცა მისი ებრაული წარმომავლობა გამჟღავნდა, იძულებული გახდა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
„შერლოკ ჰოლმსი და ტერორის ხმა“ (Sherlock Holmes and the Voice of Terror, 1942) – ჯონ როლინსის დეტექტივი - პირველი ფილმია, რომელშიც ვიქტორიანული ეპოქის ჰოლმსმა თანამედროვე გმირის ამპლუა მოირგო. მეტიც, მაძებარი არა მხოლოდ სუპერმენად იქცა, არამედ ჰიტლერის რეჟიმის ბოროტებისგანაც სცადა დათრგუნული ლონდონელების გადარჩენა. ჰოლმსი მეტად რთული მისიის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ყოველდღიური რადიოგადაცემის „ტერორის ხმის“ იმ დიქტორის მოძიება მოუწია, რომელიც მსმენელს მასიური აფეთქებებით, მკვლელობებით აფრთხობდა და ყველას დანებებისკენ მოუწოდებდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაცემა მართლაც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი წამყვანი ვინმე უილიამ ჯოისი ანუ „ლორდ გავ-გავი“ კი, რომელიც ბრიტანელი ნაცისტების კავშირს წარმოადგენდა, რამდენიმე თვე ატერორებდა მოსახლეობას.
მთავარი როლი ფილმში ბეზილ რეთბოუნიმ შეასრულა, რომლისთვისაც ჰოლმსი კარიერის ერთგვარ განახლებად იქცა. თეატრის სცენაზე მიღწეული წარმატების მიუხედავად, მსახიობს იშვიათად იწვევდნენ კინოში სპეციფიური გარეგნობის გამო, ჰოლმსი კი, რომელიც 14 ფილმში განასახიერა 10 წლის მანძილზე - სასიამოვნო გამონაკლისად იქცა. პარტნიორობა რეთბოუნის ნაიჯელ ბრიუსმა გაუწია, ვისთანაც არა მხოლოდ შემოქმედებითი თანამშრომლობა, არამედ გულითადი მეგობრობაც აკავშირებდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბრიუსის გარდაცვალების შემდეგ რეთბოუნიმაც უარი თქვა ჰოლმსის განსახიერებაზე.
„შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ (The Adventures of Sherlock Holmes, 1984-1994) - მრავალრიცხოვანი ფილმების შემდეგ, 1984 წელს Granada Television-ის სერიალმა „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალმა“ აიღო სტარტი, რომელსაც ბრიტანელები დღემდე კონან დოილის ნაწარმოებების საეტალონო ეკრანიზაციად მიიჩნევენ. მთავარი როლი ტელეპროექტში ჯერემი ბრეტმა შეასრულა და მართალია, სტერეოტიპული ჰოლმსისგან რადიკალურად განსხვავებული - უხეში და ექსცენტრიული, ზოგჯერ შეშლილი და აბსოლუტურად უმართავი, თუმცა საოცრად რბილი და მგრძნობიარე პერსონაჟი შექმნა, მაგრამ სწორედ უჩვეულო გარდასახვის წყალობით მოიპოვა პოპულარობა, რადგან მსახიობს, რომელსაც 40-წლიანი გამოცდილება და მრავალფეროვანი როლების არსენალი ჰქონდა, მაინც ნაკლებად უმართლებდა კოლეგების ფონზე.
აღსანიშნავია, რომ ბრეტი დიდხანს უარობდა სერიალში მონაწილეობას, რადგან უემოციო, მუდამ სერიოზული და წინდახედული ჰოლმსი აბსოლუტურად არ ერგებოდა იმ რომანტიკოსის ამპლუას, რომელსაც წლების მანძილზე შეეჩვია. საბოლოოდ მსახიობი მაინც დათანხმდა შეთავაზებას, თუმცა სერიოზული მუშაობა მოუხდა საკუთარ თავზე, რამაც მძიმე ფსიქიური პრობლემები, უფრო სწორედ, უკვე დიაგნოზირებული, თუმცა 80-იან წლებში ნაკლებად განკურნებადი ბიპოლარული აშლილობის დამძიმება გამოიწვია. მძიმე სტრესისა და ფსიქიკური მდგომარეობის მიუხედავად, ბრეტმა 41 სერიაში შეასრულა მთავარი როლი და ლონდონელი მაძებრის განსხვავებული, სრულიად უნიკალური სახე შექმნა. მეტიც, სწორედ მან შემატა პერსონაჟს იუმორი და მეტ-ნაკლები სიმსუბუქე, რაც მანამდე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო.
„ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი“ (Young Sherlock Holmes, 1985, აშშ) – ბარი ლევინსონის დეტექტივი, რომელიც ნაკლებად ეყრდნობა კონან დოილის ნაწარმოებებს, მეტწილად ფანტაზია, ერთგვარი ვარაუდია - როგორ წარიმართებოდა ჰოლმსის ცხოვრება ბევრად ადრე რომ გაეცნო ერთგული პარტნიორი ჯონ უოტსონი. აღსანიშნავია, რომ „ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი“ არა იმდენად კანონიკურ დეტექტივი, რამდენადაც სათავგადასავლო ფილმია და ძალიან ჰგავს „ინდიანა ჯონსის“ ისტორიას, თუმცა გამოცდილი არქეოლოგის ნაცვლად ლევინსონის ნამუშევრის მთავარი გმირი ინტელექტუალი მოზარდია, რომელიც ახლად შეძენილ მეგობართან ერთად იძიებს იდუმალებით მოცულ საქმეს.
სხვათა შორის, ფილმი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ძველეგვიპტური სექტის წეს-ჩვეულებები, მსხვერპლთშეწირვა და საიქიოდან მოვლენილი ბოროტი ძალები, თამამად შეიძლება ჩაითვალოს „ავატარის“ წინამორბედად, რადგან სწორედ ლევინსონის ნამუშევარში გამოჩნდა პირველად სრულად სპეცეფექტებით შექმნილი პერსონაჟი, რომელიც თავისუფლად ურთიერთობდა ცოცხალ მსახიობებთან. მართალია, საუკუნეების წინ დაღუპული რაინდი მხოლოდ 30 წამით გამოჩნდა ეკრანზე, მაგრამ მის შექმნას მაინც სოლიდური თანხა და მთელი 6 თვე დასჭირდა.
„შერლოკ ჰოლმსი“ და „შერლოკ ჰოლმსი: ჩრდილების თამაში“ (Sherlock Holmes, 2009, Sherlock Holmes: A Game of Shadows, 2011, აშშ-ბრიტანეთი) – რა თქმა უნდა, გაი რიჩისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა ბანალური ეკრანიზაციის გადაღება. ორიგინალურობით ცნობილმა რეჟისორმა მხოლოდ ფაბულა ისესხა კონან დოილისგან, მაყურებელს კი, კლასიკური დეტექტივის საკუთარი ვერსია შესთავაზა. არ დაინდო რეჟისორმა არც თავად ჰოლმსი, რომელიც ჩვეული სითამამით განასახიერა რობერტ დაუნიმ და საოცრად გონებაგამჭრიახი, თუმცა ნარცისიზმით შეპყრობილი გენიოსის სახე შექმნა, რომელიც ყველაფერს ნაკლები სერიოზულობით და მეტი იუმორით უყურებს.
მართალია, რიჩიმ ჰოლმსის ისტორია მძაფრსიუჟეტიან ბოევიკს დაამსგავსა, მაგრამ მაინც შეძლო ერთის მხრივ, დეტექტივის ელემენტების, მეორეს მხრივ, ვიქტორიანული ინგლისის ატმოსფეროს შენარჩუნება, რამაც მეტი ხიბლი და ეფექტურობა შესძინა ფილმს.
„შერლოკი“ (Sherlock, 2010-2017, ბრიტანეთი) – რა თქმა უნდა, კონან დოილის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა დეტექტიური სერიალი „შერლოკიც“, თუმცა მოქმედებამ ვიქტორიანული ეპოქიდან 21-ე საუკუნეში გადმოინაცვლა. იდეალურად მოერგო თანამედროვეობას თავად ჰოლმსიც, რომელიც ისევ ბეიკერ-სთრითზე ბინადრობს, თუმცა ამჯერად კერძო დეტექტივია და კლიენტებთან ერთად პოლიციასაც აქტიურად ეხმარება რთული საქმეების ძიებაში.
აღსანიშნავია, რომ ერთგვარი თავისუფალი ინტერპრეტაციის მიუხედავად, სერიალმა მაინც უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. შიში თითქოს კონსერვატორი ბრიტანელები კლასიკური ნაწარმოების უჩვეულო ვერსიას დაიწუნებდნენ - არ გამართლდა. მეტიც, მარკ გეტისისა და სტივენ მოფატის ნამუშევარი ათწლეულის საუკეთესო ტელეპროექტად დასახელდა, რაც პირველ რიგში ორიგინალური სიუჟეტის, საინტერესო ინოვაციებისა და კოლორიტული პერსონაჟების დამსახურება აღმოჩნდა.
სხვათა შორის, ბენედიქტ კამბერბეტჩი ერთადერთი მსახიობი იყო, ვინც ჰოლმსის როლზე სინჯები გაიარა, რადგან იმდენად ორგანულად მოირგო ცნობილი მაძებრის ამპლუა, რომ სერიალის ავტორებმა შეხვედრაც აღარ მოინდომეს სხვა მსახიობებთან.
„მისტერ ჰოლმსი“ (Mr. Holmes, 2015, ბრიტანეთი-აშშ) – ალბათ, ამერიკელი მწერლის მიჩ კალინის რომანის „მისტერ ჰოლმსის ფუტკრების“ მიხედვით შექმნილი დრამატული დეტექტივი - ჰოლმსის ყველაზე ნაღვლიანი ისტორიაა, რადგან რეჟისორმა ბილ კონდონმა მოხუცებული მაძებრის ცხოვრებაზე მოუთხრო მაყურებელს, რომელსაც გამჭრიახ გონებასთან ერთად მეხსიერებაც სერიოზულად ღალატობს.
ცხოვრებით მოქანცული, ხანდაზმული ჰოლმსი, რომლის ერთადერთ ინტერესს ფუტკრების მოშენება წარმოადგენს, ბრწყინვალედ განასახიერა იენ მაკელენმა. მსახიობმა ინდივიდუალური თავისებურებები შემატა კანონიკურ პერსონაჟს და არა ტრადიციული უემოციო ინტელექტუალის, არამედ დასუსტებული მოხუცის სახე შექმნა, რომელიც მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში სწავლობს ადამიანების და მათთან ურთიერთობის დაფასებას.