NBA-ის 2023 წლის ფინალური თამაშები ახლოვდება, რასაც ლიგა გლობალური კამპანიით ეხმიანება — კერძოდ, ვიდეორგოლით, რომელშიც ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“. ის ყველა იმ ემოციას ასახავს, რომელსაც გულშემატკივრები კალათბურთის ყურებისას განიცდიან.
რეკლამას ფონად გასდევს ადელის სადებიუტო სიმღერა, Hometown Glory, რაც სიმბოლურად მიესადაგება ფინალში ყოფნის ბედნიერებას თუ წარმატებას. თავად ვიდეორგოლსაც ემოციური სახელწოდება აქვს — „ჩვენ ყველანი ფინალში ვართ“ და NBA-ის ფინალში მოხვედრის მაღალ ფსონებს ასახავს, როგორც თავად მოთამაშეებისთვის, ისე მილიონობით გულშემატკივრისთვის.
„NBA ფინალი გლობალური მოვლენაა, რომელიც სეზონური მოგზაურობის ამაღელვებელ კულმინაციას აღნიშნავს. ამიტომაც შევკრიბეთ კალათბურთის ლეგენდები, ცნობილი სახეები და გულშემატკივრები, რათა შესაბამისი ემოციებით თუ მოლოდინებით შევხვდეთ სეზონის ყველაზე საინტერესო პერიოდს“, — ამბობს ტამი პენოტი, NBA-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.