დროებით ოკუპირებულ ყირიმში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სიმფეროპოლთან ახლოს მარცვლეულით დატვირთული 8 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. მათ შორის 5 ვაგონი გადაბრუნდა. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი დილით, 7:45 საათზე მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დროებით ოკუპირებული ყირიმის, ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქების გამო, სიმფეროპოლი-სევასტოპოლის ხაზზე ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. მგზავრებს ავტობუსებით გადაიყვანეს. შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.