მართალია, ბობ მარლი ძალიან ახალგაზრდა - 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა მაინც უნიკალური და ფასდაუდებელია. მეტიც, იამაიკური რეგი, რომლის განვითარებაში მუსიკოსმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა, იუნესკომ სწორედ მისი პატივისცემის ნიშნად შეიტანა 2018 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.
ნესტა რობერტ მარლი 1945 წლის 6 თებერვალს დაიბადა იამაიკაზე, ქალაქ ნაინ-მაილში. მისი დედა - სედელე ბუკერი მხოლოდ 16 წლის იყო, როცა შვილი შეეძინა, მამა კი - 60 წელს გადაცილებული თეთრკანიანი ნორვალ მარლი, რომელიც ჯერ ბრიტანეთის საზღვაო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, მერე პლანტაციებს ზედამხედველობდა. სწორედ იქ გაიცნო და გააბა რომანი სედელესთან, თუმცა არც უფიქრია ცოლად მოყვანა. მეტიც, ბობიმ მხოლოდ ორჯერ ნახა მამა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ნათესავებთან სცადა დაახლოება, თუმცა თეთრკანიანმა ელიტამ არა მხოლოდ მასთან ურთიერთობაზე, არამედ ნათესაობის აღიარებაზეც უარი თქვა.
სწორედ კანის ფერისა და შერეული სისხლის გამო ჰქონდა მოზარდ მარლის მუდმივი პრობლემები, რაც განსაკუთრებით იამაკის დედაქალაქში - კინგსტონში გადაბარგების შემდეგ გამწვავდა, რადგან ბრიტანეთის კოლონიად ქცეულ ქვეყანაში, სადაც რასობრივი დაპირისპირება მძვინვარებდა, ბობი თეთრკანიანებმაც და შავკანიანებმაც ერთნაირად აითვალწუნეს, მით უფრო, რომ მოზარდობიდანვე ქუჩის ბანდაში გაერთიანებულს, კრიმინალურმა საქმიანობამაც დაუმძიმა რეპუტაცია.
ამბობენ, თითქოს მარლის ქირომანტიის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა და ადრეული ბავშვობიდანვე საოცარი სიზუსტით წინასწარმეტყველებდა სხვათა მომავალს, თუმცა შვიდი წლისამ ამაყად განაცხადა, რომ მისი მომავალი მუსიკოსობა იყო და სამუდამოდ თქვა უარი სხვების ხელისგულების თვალიერებაზე. როგორც ჩანს, მომავალმა მუსიკოსმა საკუთარი ბედიც ზუსტად იწინასწარმეტყველა, თუმცა იმ პერიოდში საერთოდ არ ინტერესდებოდა მუსიკით.
მუსიკამ მარლი სკოლის დასრულების შემდეგ გაიტაცა, როცა შემდუღებლად დაიწყო მუშაობა, თუმცა ნაკლებად მოიხიბლა საკუთარი საქმიანობით და მეგობარის ნევილ ლივინგსტონის რჩევით მოსინჯა ვოკალური შესაძლებლობები.
მარლის სადებიუტო სინგლად Judge Not იქცა, რომელიც ცნობილ იამაიკელ მუსიკოსთან ჯო ჰიგსთან ერთად ჩაწერა და პროდიუსერის ლესლი კონგის მოწონებაც დაიმსახურა. რამდენიმე თრეკის კონგის სტუდიაში ჩაწერის შემდეგ, 1963 წელს მარლიმ მეგობრები შეკრიბა და ჯგუფი The Teenagers შექმნა, რომელსაც რამდენჯერმე შეცვლილი სახელის შემდეგ, საბოლოოდ კინგსტონის უღარიბესი რაიონის პატივსაცემად დაერქვა The Wailers, რაც „დამტირებლებს“ ანუ „მგლოვიარეებს“ ნიშნავდა და ზუსტად ასახავდა ჯგუფში გაერთიანებული ახალბედა მუსიკოსების სოციალურ მდგომარეობას.
ცნობილი ჰიტი No Woman No Cry მარლიმ იამაიკელ ქალებს და პირველ რიგში საკუთარ მეუღლეს - რიტას მიუძღვნა, რომელიც ჯგუფის The Wailers-ის შემადგენლობაში ასრულებდა ბექ-ვოკალის პარტიებს. მართალია, სიმღერას საკმაოდ ორაზროვანი ტექსტი აქვს და ბევრი თვლის, რომ ბობი „ქალების გარეშე ცხოვრებაზე ოცნებობდა“, მაგრამ სინამდვილეში, საკუთარ კომპოზიციაში მუსიკოსი კინგსტონის გეტოს - თრენჩთაუნის ბინადარი ქალების მძიმე ცხოვრებას აღწერდა და ერთგვარად აიმედებდა, რომ სირთულეების მიუხედავად, მაინც ყველაფერი კარგად იქნებოდა.
არსებობს მოსაზრება, თითქოს კომპოზიციის ტექსტის ავტორი თავად მარლია და არა ვინსენტ ფორდი, რომელიც ალბომის Natty Dread-ის ტიტრებშია მითითებული. სინამდვილეში, ფორდი, ვისთანაც მარლი ბავშვობიდან მეგობრობდა, უფასო სასადილოს ხელმძღვანელობდა ტრეჩტაუნის ღატაკებისთვის, ტიტრებში კი, მხოლოდ მუსიკოსის გადაწყვეტილებით მოხვდა, რათა საავტორო პროცენტით მიღებული შემოსავლით გამოეკვება გეტოს დამშეული მოსახლეობა. სხვათა შორის, ფორდი გარდაცვალებამდე სარგებლობდა საავტორო უფლებით, მიღებულ თანხას კი, მართლაც საქველმოქმედო პროექტებზე ხარჯავდა.
აღსანიშნავია, რომ No Woman No Cry მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციაა, რადგან თითქოს 50-წლიანი ისტორიის მანძილზე არა მხოლოდ აქტუალურობა შეინარჩუნა, არამედ 60-ზე მეტმა მუსიკოსმა შექმნა მისი ქავერ-ვერსია.
მართალია, მარლი კათოლიციზმის ტრადიციებით აღიზარდა, მაგრამ 1960-იანი წლების დასაწყისში რასტაფარით დაინტერესდა და დედის კატეგორიული აკრძალვის მიუხედავად, ჯერ მის მიმდევრებს შეუერთდა, მერე ვარცხნილობაც შეიცვალა და რასტამანებისთვის ჩვეული დრედები გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ რასტაფარი 1930-იან წლებში იამაიკაში წარმოშობილი და საკმაოდ გავრცელებული რელიგია, რომელსაც მარკუს გარვეის წინასწარმეტყველება დაედო საფუძვლად.
მარლი, რომელიც იამაიკის ნაციონალურ სიმბოლოდ ითვლება, ბევრისთვის პირველ რიგში მარიხუანასთან ასოცირდება, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მართლაც აქტიურად მოიხმარდა ნარკოტიკს და გულწრფელად სჯეროდა მისი სამკურნალო თვისებების. მეტიც, 2016 წელს მუსიკოსის ოჯახმა კანაბისის (კანაფის) მარკა Marley Natural Fine Cannabis შექმნა და საკუთარი ადგილის დამკვიდრება სცადა ჰომეოპათიური მედიკამენტების ბაზარზე, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
1977 წელს ფეხბურთის თამაშისას მარლიმ ფეხის ტრავმა მიიღო და ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით ჩაიტარა სამედიცინო კვლევა. მართალია, ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა, მაგრამ დიაგნოზი მაინც განაჩენად იქცა, რადგან სწორედ მაშინ გამოვლინდა ავთვისებიანი მელანომა ფეხის თითზე. მედიკოსების რჩევის მიუხედავად მუსიკოსმა კატეგორიული უარი თქვა ფეხის ამპუტაციაზე, რამაც სიმსივნის მთელ ორგანიზმში გავრცელება გამოიწვია. მართალია, მუსიკოსის მკურნალობა გერმანულმა კლინიკამ ითავა, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. მარლი 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა მიუნხენის კლინიკაში.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მუსიკოსი ეთიოპურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა და ამავე ეკლესიის წესებით დაიკრძალა კინგსტონში, სპეციალურად აგებულ საძვალეში, სადაც მასთან ერთად გიტარა Gibson Les Paul, ფეხბურთის ბურთი, კანაფის შეკვრა და ბეჭედია დასვენებული, რომელიც მარლიმ ეთიოპიის პრინცისგან მიიღო საჩუქრად და ყოველთვის თან ატარებდა.