ნეტფლიქსის ახალმა დოკუმენტურმა მინისერიალმა კინოკრიტიკოსთა ფორუმ Rotten Tomatoes-ზე ტელეისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. პრემიერიდან ერთი კვირის თავზე დედოფალმა კლეოპატრამ 5 ათასზე მეტი შემფასებლიდან მხოლოდ 2 პროცენტის მოწონება დაიმსახურა.
ცუდი გამოხმაურება გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სერიალს ჯერ კიდევ ტრეილერის გამოსვლის შემდეგ ხვდა მაყურებელთა ნაწილის კრიტიკა. განსაკუთრებით მწვავე გამოხმაურება მას ეგვიპტეში მოჰყვა, სადაც ნეტფლიქსი კლეოპატრას არათეთრკანიანად წარმოჩენის გამო "ისტორიის გაყალბებაში" დაადანაშაულეს და პლატფორმაზე პრემიერის გაუქმების მოთხოვნით პეტიციაც კი შექმნეს. ერთ-ერთმა ეგვიპტელმა იურისტმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელიც მოამზადა და ქვეყანაში ნეტფლიქსის მაუწყებლობის ასაკრძალად სამართლებრივი ზომების მიღება მოითხოვა.
· "კლეოპატრა თეთრკანიანი იყო" — ეგვიპტეში ნეტფლიქსს ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებენ
· ნეტფლიქსის საპასუხოდ, ეგვიპტეში კლეოპატრაზე დოკუმენტურ სერიალს იღებენ
თუმცა, Rotten Tomatoes-ის შემფასებლებმა ყურადღება სერიალის სხვა მახასიათებლებზე გაამახვილეს და ამის გამო გააკრიტიკეს.
"პერსონაჟები სიღრმისეულად არ არიან წარმოჩენილები, მსახიობები საშუალოზე ცუდად თამაშობენ, ისტორიკოსები კი ღირებულებას მოკლებულ შენიშვნებს აკეთებენ. ამასთან, უამრავი ინფორმაციაა თავმოყრილი მნიშვნელოვანი სცენების განვითარების გარეშე", — ვკითხულობთ ერთ-ერთ შეფასებაში.სერიალის სიუჟეტური ხაზი და მსახიობების შესრულება ფორუმის კიდევ ერთმა მომხმარებელმა გააკრიტიკა და დასძინა, რომ ნამუშევარი "ფენტეზი უფროა, ვიდრე დოკუმენტური".
"ხშირად უზუსტო ინფორმაცია, ამასთან ერთად, ძალიან მოსაწყენიცაა", — წერს Forbes-ის მიმომხილველი პოლ ტასი, — "მთელი ეს სერიალი კი უსიცოცხლო საპნის ოპერას მოგაგონებთ".
დედოფალი კლეოპატრა ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალების სერიის, აფრიკელი დედოფლების, ნაწილია. პლატფორმაზე მისი პრემიერა 10 მაისს შედგა.
სერიალის აღწერაში ვკითხულობთ, რომ კლეოპატრა მსოფლიოში "ყველაზე არასწორად აღქმული ქალია", რომლის "სილამაზემ და რომანტიკულმა ცხოვრებამ მისი მთავარი ნიშან-თვისება დაჩრდილა — ინტელექტი".
პროდიუსერი ჯეიდა პინკეტ სმიტი კი ამბობს, რომ "კლეოპატრაზე ბევრმა იცის, მაგრამ არა სიმართლე".
"მას მეტისმეტად სექსუალიზებულად და ანგარებიანად წარმოაჩენენ, მაგრამ კლეოპატრა ინტელექტით, სტრატეგიისა და მეთაურობის ნიჭით დაჯილდოებული მმართველი გახლდათ, რომელიც თავისი სამეფოს დასაცავად იბრძოდა. სერიალი მის ამბავს სიღრმისეულად მოგვითხრობს", — ამატებს ჯეიდა.
წინათ დედოფალი კლეოპატრას როლი ეკრანზე ისეთ მსახიობებს შეუსრულებიათ, როგორებიც ვივიენ ლი და ელიზაბეთ ტეილორი არიან.