სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი თეატრალური კომპოზიციების კონკურსი „ჩემი პირველი ქართული როლი“ ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, კონკურსში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო.
„ თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოსწავლეებსა და სკოლების წარმომადგენლებს მიღწეული გამარჯვება მიულოცა და დიპლომები და სპეციალური პრიზები გადასცა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან ქმედით ნაბიჯს დგამს და ამ მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას.
კონკურსის „ჩემი პირველი ქართული როლი“ გამარჯვებული გუნდები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა: I ადგილი ქალაქ თბილისის N73 საჯარო სკოლამ მოიპოვა, II ადგილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლამ დაიმსახურა, ხოლო III ადგილზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა გავიდა.
I, II და III ადგილებზე გასული გუნდები შესაბამისად დაჯილდოვდნენ – 5000 ლარის, 4000 ლარისა და 3000 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით.
ცერემონიაზე I, II, III საპრიზო ადგილების მფლობელი სკოლების მოსწავლეები სტუმრების წინაშე თეატრალური კომპოზიციებით წარდგნენ.
კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ჟიურის რჩეული 8 სკოლა, რომელთაც 500 ლარის ღირებულების წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცემათ.
კონკურსი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის‘‘ ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება, მიზნად ისახავს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას. კონკურსის ფარგლებში სასკოლო გუნდები ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით თეატრალურ კომპოზიციას დგამენ და მაქსიმალურად არიან ჩართულნი როგორც სცენარის დამუშავების პროცესში ასევე, რეჟისურაში, მუსიკალურ გაფორმებასა და სხვა აქტივობებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.