ქუთაისის „ტორპედოს“ შოტლანდიელი სტივ კინი გაწვრთნის. ეს ინფორმაცია უკვე „ტორპედოშიც“ დაადასტურეს.
შოტლანდიელი სპეციალისტი საქართველოში 18 მაისს ჩამოვა, ხოლო 19 მაისს მასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდება. კინი „ტორპედოს“ პირველად 20 მაისს „კავკასიონი არენაზე“ „თელავის“ წინააღმდეგ უხელმძღვანელებს.
55 წლის შოტლანდიელმა მწვრთნელმა ფეხბურთელის კარიერა „სელტიკში“ დაიწყო, რის შემდეგაც ის „სუონსიში“ გადავიდა. კინი ასევე თამაშობდა პორტუგალიის „აკადემია კოიმბრასა“ და „ნავალში“.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მან მწვრთნელობა დაიწყო. იგი იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი „რედინგში“, „ფულჰემში“, „რეალ სოსიედადში“, „ქოვენთრი სიტიში“, „ბლექბერნში“ (სადაც 2010-12 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო), მუშაობდა ბრუნეის ეროვნული ნაკრებში, „ოფი კრეტაში“ (ტექნიკურ დირექტორად) და „მელბურნ ვიქტორიში“ მწვრთნელის ასისტენტად.
2021 წლის ნოემბერში კინი შოტლანდიური კლუბის, „ჰიბერნიანის“ აკადემიის დირექტორი გახდა და 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელმაც მისი ხელძღვანელობით შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონში დაამარცხა ნორვეგიული „მიოლდე“, ფრანგული „ნანტი“ და ფლეი ოფში გავიდა.