რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა გეოპოლიტიკური მარცხი განიცადა.
მედვედევის მტკიცებით მარცხი ნატო-ს „პრიმიტიულმა პოლიტიკურმა კურსმა“ განიცადა.
„ჯერ კიდევ 2022 წელს ნატო ზანტად გვიშორებდა, როცა საქმე უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა. თითქოს გვეუბნებოდა, თავი დაგვანებეთ, თქვენი დრო არ გვაქვს. ახლა კი ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა ღამით იძინებს და დილით იღვიძებს რუსეთზე ფიქრით. ასე რომ, თუ მართლაც ვინმემ წააგო, ეს არის ნატო-ს პრიმიტიული პოლიტიკა, რომლის ძირითადი ამბიციაა ითამაშოს ექსკლუზიური როლი 21-ე საუკუნეში“, - განაცხადა მედვედევმა.
ცნობისათვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში გეოპოლიტიკური მარცხი უკვე განიცადა და ფაქტობრივად, ჩინეთის ვასალური სახელმწიფო ხდება.