რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი სისტემატურად ბომბავს უკრაინას და ხშირად პროპაგანდისტული მოტივებით იღებს სამიზნეებს.
· როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, სწორედ იმ დროს, როდესაც ევროპაში მუსიკის, ერთიანობისა და სინათლის ზეიმი იმართებოდა, ოკუპანტებმა ქვეყანა საკრუიზო რაკეტებით დაბომბეს.
· საჰაერო იერიშის დროს აფეთქებების ხმა გაისმა ტერნოპოლშიც — წლევანდელ კონკურსზე უკრაინას წარადგენდა ჯგუფი TVORCHI სწორედ ამ ქალაქიდან.
· მათ შეასრულეს "Heart of Steel" — სიმღერა ჯარისკაცების შესახებ, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის ძალებს მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში.
დეტალები: ტერნოპოლის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ ტრუშმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და არასაცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
· როგორც BBC წერს, სცენაზე გასვლამდე ათი წუთით ადრე, ჯგუფმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ტერნოპოლზე თავდასხმის შესახებ.
· "ტერნოპილი ჰქვია ჩვენს მშობლიურ ქალაქს, რომელიც დაბომბეს რუსებმა მაშინ, როცა ევროვიზიის სცენაზე ვმღეროდით ჩვენს ფოლადის გულებზე, შეუპოვრობაზე და ნებაზე", — დაპოსტა ჯგუფმა ინსტაგრამზე გამოსვლის დასრულების შემდეგ.
· TVORCHI აღნიშნავს, რომ ეს არის ოკუპანტების მესიჯი უკრაინის ყველა ქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად იბომბება.
· "ევროპა, გაერთიანდი ბოროტების წინააღმდეგ მშვიდობისთვის! დიდება უკრაინას!" — წერს TVORCHI.