საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და დანიაში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრა გაიმართება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.
„დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთანერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.