რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომელიც ეხება ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების შესამცირებელი ზომების მიღებას. რუსული მედიის ინფორმაციით, 12 მაისს მან ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომელმაც უნდა შეცვალოს რუსეთის სახელმწიფო მიგრაციული პოლიტიკის კონცეფცია.
დოკუმენტის მიხედვით, „2022 წელს, შეცვლილი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გავლენით, გაიზარდა რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის გადინება საზღვარგარეთ“. რა იგულისხმება შეცვლილ პირობებში არ არის განმარტებული.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები „ადამიანური კაპიტალის შესანარჩუნებლად მიმზიდველი ფინანსური, სოციალური და სხვა მექანიზმების შესაქმნელად, მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინების შემცირების მიზნით“.
კონცეფციაში ასევე არის პუნქტი, რომელიც ეხება უკრაინის ოთხი რეგიონის მცხოვრებლების „დაბრუნებისთვის პირობების შექმნას, მათ შორის საზღვარგარეთიდან“, რომელთა ანექსიის შესახებაც განაცხადა რუსეთმა. ესენია - დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი.
დადგენილების კიდევ ერთი პუნქტი გულისხმობს რუსეთში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორგანიზებული ჩართულობის მასშტაბის გაზრდას შრომითი საქმიანობის განხორციელებაში“.