ისრაელმა ისლამური ჯიჰადის ორი უფროსი მეთაური მოკლა. ოპერაციას ღაზას სექტორში 28 ადამიანის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების, სიცოცხლე შეეწირა. საპასუხოდ, პალესტინელებმა ისრაელზე 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქალაქ რეჰოვოტში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სარაკეტო თავდასხმა სდოტ ნეგევის რეგიონული საბჭოს ერთ-ერთ ქალაქშიც განხორციელდა. არიან დაშავებულებიც.
მომხდარს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელიც გამოეხმაურა. მან დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ გააკეთა მოწოდება და აღნიშნა, რომ ეს ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზაში და ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე სარაკეტო სროლებს დაასრულებს.
ჯოზეფ ბორელმა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაცული უნდა იყოს.