გოლდენ სტეიტ უორიორსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს შორის სან ფრანცისკოში გამართული მე-5 შეხვედრა სტივ კერის გუნდმა 121:106 მოიგო და სერიის (2:3) გადარჩენის შანსი შეინარჩუნა. მარცხის გარდა, ლოსანჯელესელებისთვის კიდევ ერთი ცუდი ამბავი მოხდა - ენტონი დევისმა ტრავმა მიიღო და თამაშის ნაადრევად დატოვება მოუწია.
პირველი მეოთხედი უორიორსმა 4 ქულით მოიგო. მეორე პერიოდის ბოლოს კარის მიერ ჩაგდებული ბაზერის შემდეგ, უპირატესობამ პირველად მიაღწია ორციფრიან ნიშნულს და 11 ქულა გახდა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ლეიკერსისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ენტონი დევისის ტრავმაა. საბოლოო სირენამდე 7:36 წუთით ადრე ლოსანჯელესელთა ცენტრს ლევონ ლუნიმ სახეში იდაყვი მოარტყა, რის შემდეგაც დევისს ჯერ თამაშის დატოვება, შემდეგ კი დარბაზიდან გასვლა მოუწია. ჯერჯერობით, უცნობია, იქნება თუ არა 30 წლის კალათბურთელი შემდეგ შეხვედრაში.
27 ქულით და 8 პასით საუკეთესო სტეფ კარი იყო. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ენდრიუ უიგინსსაც, რომლის ანგარიშზეც 25 ქულაა.
ლეიკერსის მხრიდან ყველაზე შედეგიანი ასევე 25 ქულით ლებრონ ჯეიმსი იყო.
გოლდენ სტეიტ უორიორსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს შორის სერიის მე-6 მატჩი 13 გაიმართება.