არაჩვეულებრივმა მსახიობებმა სოფი ლორენმა და მარჩელო მასტროიანიმ 12 ფილმზე იმუშავეს ერთად და დაუვიწყარი ეკრანული წყვილი შექმნეს, რომელიც დღეს იტალიური კინოს კლასიკად ითვლება.
ლორენისა და მასტროიანის ყოველი შეხვედრა გადასაღებ მოედანზე ვნებებისა და ემოციების ერთგვარ აფეთქებას ჰგავდა, ამიტომ ხშირად ვრცელდებოდა ხმები მათ ფარულ რომანზე, თუმცა მსახიობები ჯიუტად ირწმუნებოდნენ, რომ მხოლოდ შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდათ და ლაპარაკიც ზედმეტი იყო რომანტიკულ ურთიერთობაზე. როგორც არ უნდა იყოს, მსახიობებმა მართლაც ბრწყინვალე დუეტი შექმნეს, რომელიც არა მხოლოდ კინოს, არამედ მთელი იტალიის განსახიერებად იქცა.
მსახიობებმა 1950 წელს, დრამის „ზღვის გულის“ გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი, რომელშიც მასტრიოანი მთავარ, ლორენი კი, მხოლოდ ეპიზოდურ როლს ასრულებდა, დუეტი კი, მოგვიანებით, ალესანდრო ბლაზეტის დამსახურებით შეიქმნა, რომელმაც სინჯებზე შენიშნა განსაკუთრებული მიზიდულობა, ერთგვარი მაგნეტიზმი მსახიობებს შორის და მთავარი როლებიც ჩააბარა საკუთარ კომედიაში „რა საწყენია, რომ თაღლითი ხარ“ (Peccato che sia una Canaglia, 1954, ალესანდრო ბლაზეტი).
ისტორია მაცდუნებელ ჯიბის ქურდ გოგონასა და სიმპათიურ ტაქსის მძღოლზე, რომელიც ჯერ მისი მსხვერპლი, მერე კი, თაყვანისმცემელი ხდება, ერთგვარ ათვლის წერტილად იქცა დუეტისთვის, რომლის ყოველი ახალი ნამუშევარი წინაზე სრულყოფილი და ბევრად დახვეწილი იყო.
მსახიობების ემოციური და მეტად შთამბეჭდავი ეკრანული პერფორმანსი არც ჟურნალისტებს გამორჩათ, რომელთაც წყვილის ბრწყინვალე თამაში რეალურ ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობას მიაწერეს, მით უფრო, რომ მექალთანე მასტრიოანი ქორწინების მიუხედავად მანამდეც ბევრჯერ იყო შემჩნეული სასიყვარულო ინტრიგებში და არავინ დაიჯერა, რომ 20 წლის ლამაზმანთან მხოლოდ შემოქმედებითი ტანდემი აკავშირებდა. არ ჩამორჩა პარტნიორს არც ლორენი, რომელმაც მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ „მათი შეხვედრა გარდაუვალი იყო, რადგან არა მხოლოდ ცხოვრების რიტმი, არამედ მათი გრძნობები და ემოციებიც ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს “.
როგორც ჩანს, „გრძნობებისა და ემოციების ჰარმონიული შერწყმა“ არა მხოლოდ პრესამ და მაყურებელმა, არამედ ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა და რეჟისორმა ვიტორიო დე სიკამაც შენიშნა, რომელმაც ქურდი გოგონას მამა განასახიერა წყვილის სადებიუტო ფილმში. სწორედ დე სიკამ დადგა მელოდრამები „გუშინ, დღეს, ხვალ“, „ქორწინება იტალიურად“ და „მზესუმზირები“, რომლებიც დღესაც მასტრიოანისა და ლორენის საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება.
ლორენის განცხადებით, მსახიობებმა მართლაც იდეალური დუეტი შექმნეს, რადგან დაძაბულობა და ფარული ვება მთავარ გმირებს შორის ფილმიდან ფილმში ძლიერდებოდა, მაყურებელი კი, ეკრანიდან გრძნობდა მათ ენერგეტიკას, თუმცა რომანზე რეალურ ცხოვრებაში არასდროს უფიქრიათ.
მართალია, ლორენისგან განსხვავებით, მასტროიანი წლების მანძილზე იკავებდა თავს გავრცელებულ ხმებზე კომენტარის გაკეთებისგან, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა ჟურნალისტმა მრავალრიცხოვან ლამაზმანებთან პარტნიორობაზე ჰკითხა, ამაყად უპასუხა, რომ არასდროს დაინტერესებულა მათი რაოდენობით, რადგან თითოეული მათგანი განსაკუთრებულად უყვარდა, ლორენს კი, ის ერთადერთი ქალი უწოდა, ვისთანაც „არა ბანალური მეგობრობა, არამედ ბევრად მეტი აკავშირებდა“.
მასტრიოანთან ურთიერთობა ლორენმაც თავისებურად შეაჯამა ავტობიოგრაფიულ წიგნში „ჩემი ცხოვრება“ - „როცა რომანზე გვეკითხებოდნენ, ჩვენ უბრალოდ მხრებს ვიჩეჩავდით, რადგან ეს მხოლოდ კინოს მაგია და სამსახიობო ოსტატობა იყო, რომელიც ყოველთვის ამართლებდა, თუმცა აუცილებლად გადასაღებ მოედანზე რჩებოდა, რადგან რეალურ ცხოვრებაში ორივეს მოსიყვარულე ოჯახები გვყავდა“.
მართალია, ავტობიოგრაფიულ წიგნში მსახიობმა გულწრფელად მოუთხრო მკითხველს საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერისა და პარტნიორებთან, მათ შორის მასტროიანისთან ურთიერთობაზე, მაგრამ ცოტა მაინც იცრუა, რადგან როგორც აღმოჩნდა, თავიდან თვითონაც სჯეროდა მარჩელოს სიყვარულის, რაც არცაა გასაკვირი, რადგან პარტნიორი ყოველთვის შეყვარებული მამაკაცის ანთებული თვალებით უყურებდა, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ მასტროიანი უბრალოდ ბრწყინვალე მსახიობი იყო, რომელსაც ნებისმიერი ამპლუის მორგება, ნებისმიერი გრძნობისა და ემოციის მსუბუქად, აბსოლუტურად ბუნებრივად გათამაშება შეეძლო.
1990-იანი წლების ბოლოს, პრესაში ვინმე მარია ასკონა გამოჩნდა, რომელმაც თამამად განაცხადა, რომ სოფი ლორენისა და მარჩელო მასტრიოანის ქალიშვილი იყო. ასკონას მტკიცებით, 1963 წელს, ფილმის „გუშინ დღეს, ხვალ“ გადაღებებზე, ლორენმა, რომელიც იმ პერიოდში უკვე პროდიუსერის კარლო პონტის მეუღლე იყო, საკუთარი ორსულობა დამალა, რადგან არც პირადი ცხოვრების დამძიმება უნდოდა, არც კარიერს დანგრევა, ფარულად გაჩენილი ბავშვი კი, სწრაფად გააშვილა.
ასკონამ, რომელმაც გამზრდელი მშობლებისგან შეიტყო საკუთარი დაბადების ისტორია, ლორენს ე.წ. დნმ-ტესტის გაკეთება და ეჭვების დადასტურება ან გაბათილება სთხოვა, თუმცა მსახიობმა არა თუ თხოვნა გაითვალისწინა, არამედ ახლადგამომცხვარი ქალიშვილის ისტორიის კომენტირებაზეც უარი თქვა.
მართალია, რთული დასაჯერებელია, რომ მექალთანე მასტრიოანის და ლამაზმან ლორენს მხოლოდ მეგობრობა და შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდათ, მაგრამ ჟურნალისტების მონდომებული მცდელობის მიუხედავად, ვერც მათი რომანის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიება გახდა შესაძლებელი.