სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამასა და მეზობელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა დახურული იყო.
საზოგადოებრივი ადვოკატის ინფორმაციით, გოგონას მამა ბრალს არ აღიარებს და დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.
კიდევ ერთი ადვოკატის განცხადებით, ბრალს არც მოზარდის მეზობელი აღიარებს. ის დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.