2023 წლის აპრილში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთნაკადმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 81%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, აპრილში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით, 122 410 მგზავრმა ისარგებლა.
მგზავრთნაკადის გარდა, 2022 წლის აპრილში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობაც ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. აპრილის თვეში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 359 რეისს მოემსახურა. მიმდინარე წლის ოთხ თვეში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 375 459 მგზავრსა და 1 213 რეისს მოემსახურა. მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით 67%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 62%-ით გაიზარდა.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.