კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ ძალიან რთულია, მაგრამ გაგრძელდება.
პესკოვმა ბოსნიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში „ნელა მოქმედებს“, რადგან ახორციელებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და არა ომს“.
მისივე მტკიცებით, დასავლეთმა ბევრი შეცდომა დაუშვა და მოატყუა რუსეთი, რამაც ის აიძულა, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაეწყო,, რისი მონაწილეც დასავლეთი გახდა.
პესკოვმა კრემლზე დრონების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მცდელობა.
მისივე თქმით, ინციდენტის შემდეგ რუსეთი უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომას გაატარებს.
კრემლის პრესსპიკერის მტკიცებით, მისი ქვეყანა ზედმეტად ძლიერი სახელმწიფოა იმისთვის, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ თავისი პოზიციები დათმოს.