უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით საქართველოს ნაკრები ასპარეზობს. ჩვენმა გუნდმა სამი ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ტურნირის ნახევარფინალში გასვლა სახილ ალახვერდოვმა, ლაშა გურულმა და გიორგი ყუშიტაშვილმა შეძლეს, რაც ქართული კრივის ისტორიაში უკვე საუკეთესო შედეგია.
10 მაისს ტაკშენტში ხუთმა ქართველმა მოკრივემ იასპარეზა. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა სახილ ალახვერდოვმა ბულგარელ ერგუნალ სებაჰტინს 5-0 მოუგო და ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კუბელ ალეხანდრო კლაროს დაუპირისპირდება.
ასევე პირველმა ნომერმა ლაშა გურულმა რუს ტარხან იდიგოვს ანგარიშით 5-0 აჯობა და ნახევარფინალში ყაზახ დულატ ბეკბაუოვს შეხვდება.
გიორგი ყუშიტაშვილმა სომეხი რაფაელ ოვანისიანი ანგარიშით 5-0 დაამარცხა, მისი მომდევნო მეტოქე კი აზერბაიჯანელი ალფონსო დომინგესი იქნება.
დღესვე ესკერჰან მადიევმა და ნიკოლოზ ბეგაძემაც იასპარეზეს, მაგრამ ორივე დამარცხდა. მადიევმა ბრაზილიელ ვანდერსონ დე-ოლივეირასთან ანგარიშით 0-5 წააგო, ხოლო ბეგაძემ ასეთივე ანგარიშით - აზერბაიჯანელ მაჰამად აბდულაევთან.
უზბეკეთის დედაქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები 12 მაისს გაიმართება, ფინალური ბრძოლები კი 13-14 მაისს ჩატარედება.