თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინს შორის მიღწეული "მარცვლეულის შეთანხმება" შესაძლოა ორი თვით გახანგრძლივდეს.
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსეთი 18 მაისს შეთანხმებიდან გავა, თუ მისი მოთხოვნების ჩამონათვალი არ დაკმაყოფილდება, რათა დაბრკოლებები მოიხსნას რუსეთის მიერ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი კი აცხადებს, რომ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირების ალტერნატიული გზები აქვს, თუ ექსპორტის შესახებ შეთანხმება 18 მაისს არ გახანგრძლივდება.
უკრაინის შავი ზღვის პორტები რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიბლოკა, თუმცა გასული წლის ივლისში მოსკოვსა და კიევს შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე სამ მათგანზე წვდომა აღდგა.