ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა – გორის „დილა“ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და გამარჯვება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
თამაში დაძაბული იყო, თუმცა ნაკლებად სანახაობრივი და გუნდებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. მეორე ტაიმში შეხვედრა გაცილებით უფრო მაღალ ტემპში დაიწყო და გოლებიც გავიდა. 73-ე წუთზე „დილას“ შემტევი ონორე გომისი ფლანგზე „საბურთალოს“ მცველს გასცდა და ნიკოლა კოვტალიუკი მონახა, რომელმაც გორელები დააწინაურა – 1:0.„საბურთალო“ თამაშის გადარჩენას შეეცადა – ანგარიშის გათანაბრება გიზო მამაგეიშვილსა და გიორგი ჯგერენაიას შეეძლოთ, მაგრამ პირველ დარტყმას მცველი კარის ხაზზე გადაეღობა, მეორედ კი „დილას“ მეკარემ ურთულესი ბურთი მოიგერია.
რეალური საგოლე მომენტი „დილას“ თავდამსხმელ ტიერი გეილისაც ჰქონდა, მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი ხელიდან გაუშვა. ეს გორელებს ძვირად დაუჯდათ. 90+3-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილის ჩაწოდებული ბურთი „დილას“ მეკარეს, ევჰენი კუჩერენკოს ხელიდან გაუვარდა და კარის წინ მყოფმა გურამ გოშთელიანმა „საბურთალოს“ ქულა მოუტანა – 1:1.13 ტურის შემდეგ გორის „დილას“ ანგარიშზე 21 ქულაა. გუნდი მეხუთე ადგილზეა, „საბურთალო“ კი 23 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.