ავსტრიაში, ინსბრუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 30 000-ზე მეტი ახალი, ამ დრომდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს - ისინი ერთუჯრედიანი ორგანიზმების დნმ-ში იმალებოდნენ. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ზოგ შემთხვევაში მიკრობის დნმ-ის 10%-ს „ჩაშენებული“ ვირუსები შეადგენდნენ.
მეცნიერების დასკვნით ფარულ დნმ-ს შეუძლია უჯრედში სრულფასოვანი ვირუსების გამრავლება უზრუნველყოს. როგორც გაირკვა, უცნობი ვირუსები „მასპინძელს“ არ აზიანებენ, პირიქით, ზოგი მათგანი დამცველის როლს ასრულებს.
„როგორ აღმოჩნდა მიკრობების გენომებში ამდენი ვირუსი, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის ჩვენი ყველაზე დამაჯერებელი ვერსია იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსები უჯრედს საშიში ვირუსების ინფექციისგან იცავენ,“ - ამბობენ კვლევის ავტორები.
თავდაპირველად, კვლევა ტიროლის ალპების ტბის წყალში აღმოჩენილი ვირუსების ახალ ჯგუფზე იყო ფოკუსირებული. მეცნიერებმა მათი წარმოშობის დადგენა დაიწყეს, მაგრამ არ იცოდნენ, ვირუსები რომელ ორგანიზმებში ეძებნათ. საბოლოოდ, მათ ყველა მიკრობის მასშტაბური ანალიზი ჩაატარეს.
ასეულობით გიგაბაიტის მონაცემის დასამუშავებლად მეცნიერებმა კომპიუტერული კლასტერი გამოიყენეს. შედეგად, მათ იმაზე მეტი ვირუსის იდენტიფიცირება შეძლეს, ვიდრე ელოდნენ. ავსტრიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მეცნიერები ახალი კვლევების ჩატარებას და ვირუსების ფუნქციებში უკეთ გარკვევას გეგმავენ.