საქმე ისაა, რომ ჰოლანდიელი ბავშვები, ქართველი ბავშვების მსგავსად, ტელეფონებთან და კომპიუტერებთან დიდ დროს ატარებენ. შესაბამისად, ძალიან ცოტას მოძრაობენ და ერთმანეთთან თამაშის დრო არ რჩებათ.
ჰოლანდიის მეფის, ვილემ-ალექსანდერ კლაუს გეორგ ფერდინანდმა (ის ქვეყანას 2013 წლიდან მართავს) ერთ-ერთი პირველი ინიციატივა სამეფო თამაშების მოწყობა იყო.
მეფემ გადაწყვიტა ბავშვებისთვის ეჩვენებინა, რომ სამყაროში გაჯეტებზე საინტერესო რაღაცებიც არსებობს და ჰოლანდიის სკოლებს სამეფო თამაშების ჩატარება სთხოვა. ეს აქტიური, მოძრაობებზე აგებული თამაშებია, რომლებიც ნებისმიერ ბავშვს მოხიბლავს.
ბუშტების გახეთქვა
ამ თამაშის დროს ბავშვები ფეხზე ბუშტს იმაგრებენ და ერთმანეთის ბუშტების გახეთქვას ცდილობენ. ამავე დროს, მოწინააღმდეგემ მათი ბუშტის გახეთქვა ვერ უნდა შეძლოს. ვინც ყველაზე დიდხანს შეძლებს ბუშტის შენარჩუნებას, გამარჯვებულიც ისაა.
კვერცხების შეჯიბრი
ბავშვებს აძლევენ კოვზს, რომელზედაც კვერცხი დევს. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვმა გარკვეული მანძილი ყველაზე სწრაფად გაიაროს და ფინიშამდე მთელი კვერცხის მიტანა შეძლოს.
ნამცხვრის ჭამა
ამ თამაშში გამარჯვებული ისაა, ვინც თოკზე დაკიდებული ნამცხვრების ყველაზე სწრაფად შეჭმას შეძლებს. თამაშის დროს ბავშვებს ხელები ზურგზე აქვთ დაწყობილი, ამიტომ ნამცხვრის ხელით დაჭერას ვერ ახერხებენ, მხოლოდ პირით კი ამოცანის შესრულება არც ისე ადვილია.
სამეფო თამაშებით ვილემ-ალექსანდერი ცდილობს ბავშვები ტელეფონებს და კომპიუტერებს მოსწყვიტოს და დაანახვოს, რომ მოძრავი თამაშები და ერთმანეთთან ურთიერთობა ბევრად უფრო სახალისო და საინტერესოა. სამეფო თამაშები ყოველწლიურად, მეფის დღის წინა ხუთშაბათს და პარასკევს ტარდება.
ცნობისთვის, ჰოლანდიის მეფე განათლებით ისტორიკოსია. ის, მშობლიური ენის გარდა, ინგლისურად, ესპანურად და გერმანულად საუბრობს. ვილემ-ალექსანდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მეფედ კურთხევის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ინკოგნიტოდ პილოტად მუშაობდა და მგზავრების გადაყვანაზე ზრუნავდა.