ევროპა არის მშვიდობა - ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ "ფრონტებზე", რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით , - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე მოსახლეობას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
„ეს ჩვენი მომავლის დღეა. პირველ რიგში, მინდა თქვენგან დიდი მადლობა მოვახსენო შარლ მიშელს, რომელიც დაგვთანხმდა, დღევანდელ დღეს მისალმება გაეკეთებინა. ეს მიმართვა თავისი ღრმა მხარდაჭერით და მართლაც გულწრფელობით ჩაწერა იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორებიდან ის არის ერთ-ერთი, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის ნამდვილად სჯერა და მზად არის, რომ ყველა ნაბიჯზე დაგვეხმაროს. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ჩემი დახმარებით. ეს გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე და მერე ასე არ დამთავრდება, კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ. ყველანაირად ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ყველა, ვინც აქ დგახართ, ძალიან ბევრ თქვენგანს ევროპაში ოჯახი ჰყავს, ევროპაში არის ნამყოფი, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ან იმუშავებს ევროპაში, მაგრამ ჩემი იმედი ცოტა სხვანაირია, ჩემი იმედი არის, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ის ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ევროპაში მივდივართ ხოლმე. აქ იყოს ცხოვრების და მუშოაბის ის სტანდარტები, აქ იყოს ის კეთილდღეობა, რასაც სხვაგან ვეძებთ. ჩვენ ევროპასთან საერთო ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. ჩვენ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი იქნება. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი ამ საბჭოთა პერიოდის დროს, ეს იყო კედელი, დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, სხვათა შორის, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს და ეს კარგად ესმით, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის და ევროპა არის მშვიდობა. ისტორიაში ქვეყნის ასეთი გაერთიანება ერთადერთია, რომელმაც ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად შეუნარჩუნა და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ "ფრონტებზე", რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, ეს რაც მთავარია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.