Radiohead – Daydreaming
Radiohead-ის მუსიკალური ვიდეო “Daydreaming” ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა პოლ თომას ანდერსონმა გადაიღო, რომლის ნამუშევრებიც ემოციების ინტენსივობითა და საინტერესო სიუჟეტებით გამოირჩევა. ხელოვნების მრავალი შესანიშნავი ნაწარმოების მსგავსად, Daydreaming მისი დაფარული, შინაგანი საიდუმლოებების ამოცნობისკენ გვიბიძგებს.
ვიდეოში ხანდაზმულ, დაღლილ ტომ იორკს (ჯგუფის სოლისტს) იხილავთ, რომელიც კარს კარზე ხსნის და სხვადასხვა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში მოჩვენებასავით მოძრაობს. ეს ერთგვარი მეტაფორაა ტომის ცხოვრებისა, იმ ცხოვრებისეული დაბრკოლებების, რომლებიც გადაულახავს და არასდროს დაუხევია უკან – ჩვენ ვხედავთ, რომ ის მუდმივად წინ მიიწევს და ეძებს აზრს ამ სამყაროში (და ვიდეოშიც მსგავსად იქცევა – უკან არ ბრუნდება). ის 23 კარს აღებს, რომელიც აწ უკვე გარდაცვლილ, ყოფილ პარტნიორთან – რეიჩელ ოუენთან გატარებული წლების აღმნიშვნელია.
საბოლოოდ, ტომის პერსონაჟი მყუდროებას გამოქვაბულში ანთებული ცეცხლის გვერდით იპოვის, ამ მომენტში კი ის ჩუმად ამბობს სიტყვებს, რომელთა შებრუნებული ვერსია ასე ჟღერს: “Half of my life, half of my love / ჩემი ცხოვრებისა და სიყვარულის ნახევარი”. კლიპის გადაღებისას იორკი 47 წლის იყო, რომლის თითქმის ნახევარი 23 წელია – ანუ ის დრო, რაც რეიჩელთან გაატარა. გარდა ამისა, ეს დროის ის პერიოდია, რამდენ ხანსაც Radiohead მუსიკალურ ჩანაწერებს აკეთებს. ვიდეოში შეხვდებით ბევრს კადრს, რომლებშიც ასოციაციები სხვადასხვა სიმღერებსა და ალბომებზეა გაკეთებული. იხილეთ მაგალითები:
Pink Floyd – Comfortably Numb
Comfortably Numb-ის ნამდვილი მნიშვნელობის აღმოჩენას უამრავი ადამიანი ცდილობს და გავრცელებული აზრის მიხედვით, სიმღერა ნარკოტიკების ზემოქმედებაზეა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.
ტექსტი როჯერ უოტერსმა დაწერა და მასში მოთხრობილია ის გრძნობა, რაც ვოკალისტმა ბავშვობაში, ციებ-ცხელების დროს განიცადა.
მან მოზარდობაშიც ბევრჯერ განიცადა იგივე, დელირიუმის (ბოდვა, რომელსაც თან სდევს ხშირი მხედველობითი ჰალუცინაციები) მდგომარეობაში ჩავარდა და შედეგად რეალობას მოწყდა. მუსიკა დევიდ გილმორმა შექმნა და ეს იყო ბოლო სიმღერა, რომელიც მან და რობერტმა ერთად დაწერეს.
The Beatles – Hey Jude
The Beatles-ის “Hey, Jude” პოლ მაკარტნის ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდება თავდაპირველად “Hey Jules” უნდა ყოფილიყო. მაკარტნის შთაგონება გრძელ გზაზე მანქანით მოძრაობისას ეწვია და ისურვა, რომ სიმღერა ლენონის ვაჟის – ჯულიანისთვის მიეძღვნა.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც იოკო ონოსთან დაიწყო ურთიერთობა, ლენონმა შვილს ყურადღება მოაკლო. მაკარტნი ფიქრობდა რომ ჯონის გარეშე სინთიასა და ჯულიანის ცხოვრება რთული იქნებოდა. “მანქანით ვმოძრაობდი და ბუნდოვნად ღიღინი დავიწყე, რომელიც ასე იწყებოდა – “Hey, Jules..”, შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ Jude უფრო კარგად ჟღერდა – ქანთრისა და დასავლურ სტილში”. – ჯონმა აღნიშნა, რომ ეს სიმღერა იმედისმომცემი მესიჯი უნდა ყოფილიყო ლენონის ვაჟისთვის. “მერე რა, რომ შენი მშობლები განქორწინდნენ. ვიცი, რომ არ ხარ ბედნიერი, მაგრამ კარგად იქნები.”