სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან დიმიტრიოს კარაბალისთან შეხვედრა გამართა.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს, ისაუბრეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე.
უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის თანამშრომლობის საკითხებზე.