იტალიას კიდევ ორი წელიწადი დასჭირდება, რომ რუსული გაზის მიწოდებაზე მთლიანად თქვას უარი. ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კლაუდიო დესკალციმ განაცხადა. მისი თქმით, „ამ დროისთვის იტალიამ 40 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის მოცულობიდან 30 მილიარდი კუბური მეტრი ჩაანაცვლა, ხოლო მის სრულ ჩანაცვლებას ორი წელი დასჭირდება.“დესკალცი ამბობს, რომ ეს რთული პროცესია, რადგან ბოლო რვა წლის განმავლობაში შიდა წარმოების სტიმულირება არ მომხდარა, ამიტომ ქვეყანამ საკუთარი გაზის წარმოება დაკარგა.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, რუსული გაზის სწრაფი ჩანაცვლება შესაძლებელი გახდა იტალიის ისტორიული კავშირების შედეგად ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ეგვიპტე, ანგოლა, ალჟირი, კონგოს რესპუბლიკა, მოზამბიკი, ასევე, ლიბია, სადაც კომპანიამ წარმომადგენლობა შეინარჩუნა და ადგილობრივი ბაზრისთვის 70%-ს აწარმოებს.