ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა.
მამია ალასანიას, 80 წელი შეუსრულდებოდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, მამია ალასანიას ვაჟი, ირაკლი ალასანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, დავით კუხალეიშვილი და დავით ვერავა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელოს სამმართველოს წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.
„აღსანიშნავია, რომ მამია ალასანიას ბიუსტი დაიდგა იმ პარკში, სადაც განთავსებულია საქართველოს ეროვნული გმირების - მერაბ კოსტავასა და გენო ადამიას ბიუსტები და 1924 წლის აჯანყებულთა ხსოვნის მემორიალი.
მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, სოფელ ანაკლიაში დაიბადა. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა დაამთავრა. იგი უშიშროების პოლკოვნიკი გახლდათ. 1974 წლიდან სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი იყო. 1992-93 წლებში, სპეციალური დავალებით იგი სამეგრელოში იქნა მივლინებული.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, იგი, სოხუმში, ჟიული შარტავასთან, სოხუმის მერთან, გურამ გაბესკირიასა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შენობაში იმყოფებოდა. სეპარატისტებმა, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და ორმოცდაათი წლის მამია ალასანია, თანმხლებ პირებთან ერთად მოკლეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა, 2017 წლის ოქტომბერში, მამია ალასანიას ნეშტი, გურამ გაბესკირიას ნეშტთან ერთად, იდენტიფიცირებულ იქნა და მასთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალა.
მამია ალასანიას, 2018 წელს, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიებას, ცხადია, მეუღლესთან ერთად დაესწრო ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ზუგდიდში, ფრანგულ პარკში, სადაც დგას მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები და ასევე, 1924 წელს აჯანყებულ გმირთა მემორიალი, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა, ავტორია მოქანდაკე ზაურ ჯოხაძე, რომელსაც ღვინოც დიდებული სცოდნია.
ვისაც ღვინის ესმის, მის ხელში ქანდაკებაც ცოცხლდებაო, ძველი რაჭული ანდაზა ამბობს.
მამია 6 მაისს გახდებოდა 80 წლის, ათეულობით წელმა გაიფრინა აფხაზეთში ომიდან.
ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწორიამ ვეტერანთა ინიციატივას, ფრანგულ პარკში გმირთა ხეივანი მოეწყოს (საქართველოს ყველა ეროვნული გმირის ბიუსტის დადგმა იგეგმება) ასე გულით რომ შეუწყო ხელი, ნამდვილად დასაფასებელია.
ფრანგული პარკი დადიანების სასახლის პარკის ქვედა ნაწილია და ესეც აქვე მინდა აღვნიშნო, ღონისძიების დაწყებამდე მოვინახულეთ ტერიტორია და გზად ასეთ სცენას გადავეყარეთ - სასახლის დრენაჟი გაიჭედა და მერის მოადგილე, ახალგაზრდა კაცი, ნიჩბით თხრიდა მუშებთან ერთად მიწას.
რომ გამოველაპარაკეთ, უკარგესი ამბავი გავიგეთ, აშშ-ს საელჩოს 300 000 დოლარი გადაუცია დადიანების სასახლის რესტავრაციისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლი გადარჩება. მეგრელების იმედი კი მაქვს, რომ კარგ რესტავრატორებს მოიწვევენ და სიყვარულით მოექცევიან სასახლეს.უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მამიას დაფასებაში და უდიდესი მადლობა ყველას, ვინც დაესწრო ღონისძიებას, მეგობარი, ნათესავი, თუ ოფიციალური პირი".