აშშ-ის ტეხასის შტატში, უსახლკაროთა და მიგრანტთა თავშესაფართან ახლოს, ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს დაეჯახა. ინციდენტი მექსიკის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბრაუნსვილში მოხდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. 7 ადამიანი ადგილზე, მერვე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. ჰოსპიტალიზებულია კიდევ 9 დაშავებული, ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
ბრაუნსვილის პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული განზრახ.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია და მასში ფედერალური ბიუროც ჩართულია.
ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის რამდენიმე მიგრანტია, სასაზღვრო პატრული მსხვერპლთა იდენტიფიცირებაზე ამ დრომდე მუშაობს.