ქუთაისის "მუხნარში" ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო. უნიკალური ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა - „იმერული მუხა” გვხვდება, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მუდმივ ანთროპოგენულ ზემოქმედებას განიცდის. უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია ტყის სანიტარიულ მდგომარეობაზე.
ეროვნული სატყეო სააგენტო, ქუთაისის მუხნარში, ტყის აღდგენის ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. სანიტარიული ჭრების პარალელურად, მიმდინარეობდა როგორც დარგვითი, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟე სამუშაოები.
დღეისათვის, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰა-ს მოიცავს. დარგული იქნა 9500 - მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა. პერიმეტრი სრულადაა შეღობილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების კარგი მდგომარეობა. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი.