სერბეთის სოფელ დუბონაში სროლის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდამსხმელმა მოქალაქეების ჯგუფს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ალყა შემოარტყა ტერიტორიას, სადაც სავარაუდოდ ეჭვმიტანილი იმალება.
ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიციის ყველა სპეციალური ქვედანაყოფი, მათ შორის ანტიტერორისტული ქვედანაყოფი და პოლიციის ძალები ქალაქ ბელგრადიდან და სმედერევოდან.
შეგახსენებთ, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში, ორი დღის წინ, 13 წლის ბიჭმა თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 8 ბავშვი და დაცვის თანამშრომელი და დაშავდა 6 მოსწავლე და მასწავლებელი.